19 ივლისი 2019,   02:36
ვრცლად
აშშ ვენესუელის ახალი მთავრობისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას ელის

ვაშინგტონში ვენესუელის ახალი მთავრობისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას ელიან - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ჰერითიჯის ფონდის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სენატორმა მარკო რუბიომ განაცხადა.

კურიერთან“ ინტერვიუში კი IRI-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონი აფასებს საქართველოს მხარდაჭერას მსოფლიოში დემოკრატიული სოლიდარობის მიმართ, რაც ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის აღიარებაში გამოიხატა.

შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, დამატებით სანქციებს შემოიღებს იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ვენესუელაში, ნიკოლას მადუროს რეჟიმს დაეხმარებიან. ამის შესახებ დღეს ვაშინგტონში საჯარო მოხსენების დროს, სენატორმა მარკო რუბიომ ისაუბრა. სანქციები ვენესუელის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიას "პეტროლეოს დე ვენესუელას" ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ 28 იანვარს დაუწესა.

“ვიცი, ეს ადმინისტრაცია გააგრძელებს იმ ფულის ძებნას, რომელიც ვენესუელელ ხალხს მოჰპარეს და მოსახლეობისთვის მის შეინარჩუნებს. ვფიქრობ, დამატებითი სანქციები დაწესდება იმ ქვეყნების ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან მადუროს, სანქციები თავიდან აირიდოს,”-აცხადებს სენატორი ფლორიდის შტატიდან მარკო რუბიო.

სენატორ რუბიოს განცხადებით, ნიკოლას მადუროს რეჟიმი ლეგიტიმაციას ვეღარ მოიპოვებს, რადგან ის ქვეყნები, რომლებმაც ხუან გუაიდო კანონიერ ლიდერად აღიარეს, გადაწყვეტილებას არ შეცვლიან. იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც გუაიდოს ადმინისტრაციის კანონიერება ცნო, არის საქართველოც, რომელიც ელოდება, რომ ვენესუელის ახალი ხელისუფლება უკან წაიღებს ჯერ კიდევ უგო ჩავესის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის აღიარების შესახებ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტმა, რომელიც ჰერითიჯის ფონდთან ერთად დღეს რუბიოს საჯარო მოხსენების ორგანიზატორი იყო, თქვა, რომ მათაც აქვთ, ვენესუელის ახალი მთავრობის მიერ, განსხვავებული დიპლომატიური კურსის გატარების მოლოდინი.

„მიმაჩნია, რომ არც ერთ დემოკრატიულ მთავრობას, რომელიც პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულია, არ სურს იმ ტერიტორიების აღიარება, რომლებიც მხოლოდ კრემლის მიერ არის მხარდაჭერილი და სხვა არავისგან. დიახ, ჩვენ ველოდებით ახალი ვენესუელისგან განსხვავებულ დიპლომატიურ მიდგომებს, მათ შორის საქართველოზეც. ჩვენ ვაფასებთ მსოფლიოში დემოკრატიული სოლიდარობისთვის, საერთაშორისო კანონმდებლობისთვის და მსოფლიოში მოქალაქეების უფლებებისთვის საქართველოს მხარდაჭერას, რისი დემონსტრირებაც ვენესუელის ახალი მთავრობის მხარდაჭერა იყო,”-განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტმა დენიელ თუანინგიმ.

მარკო რუბიოს თქმით, მადუროს სტრატეგია დროის მოგებაა, რომ დასავლეთი სხვა კრიზისით დაკავდეს და ვენესუალის მიმართ ყურადღება მოადუნოს, რათა მან ოპოზიციის გახლეჩა შეძლოს. თუმცა სენატორმა აღნიშნა, რომ ეს გეგმა არ იმუშავებს.

დღის ამბები