25 აპრილი 2019,   09:07
ვრცლად
ედუარდ შევარდნაძის 91 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა

ედუარდ შევარდნაძისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ექსპოზიცია საქართველოს მეორე პრეზიდენტის პირად არქივში დაცულ 1950-2000-იანი წლების ფოტოებს აერთიანებს.

გამოფენა სახელწოდებით "რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე" 25 იანვარს ედუარდ შევარდნაძის 91 წლის იუბილეზე გაიხსნა. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ექსპოზიცია, რომელიც გუშინ უნდა დასრულებულიყო, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

„დღეს წესით უნდა დაგვეხურა, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესის გამო გავაგრძელეთ და სპეციალურად დღევანდელი დღისთვის მოვაწყვეთ ასეთი დათვალიერება უცხოელი ელჩებისთვის, რადგან მათ იმ დღეს ვერ მოახერხეს ყველამ მოსვლა. ასე რომ დღეს გვაქვს დიპლომატებისთვის ჩვენება,“ - აღნიშნა მანანა შევარდნაძემ.

ფოტოგამოფენაზე იმყოფებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როსს უილსონი.

„როდესაც ამ სურათებს ვათვალიერებ ვხედავ ჩემი ცხოვრების მოგონებებს. ის პირველად ვნახე, როდესაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მოგვიანებითაც ხშირად შევხვედრილვართ, როდესაც მე ბაქოში ელჩი ვიყავი, ხოლო ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. ის ისტორიული ფიგურაა, ძალიან კარგი მეგობარი იყო ამერიკის და ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა მსოფლიოსთვის" - განაცხადა როსს უილსონმა.

დღის ამბები