20 თებერვალი 2019,   22:44
ვრცლად
ინციდენტები ლიეჟში და მიგზავნილი პროვოკატორები - „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრმა“ პროკურატურას მიმართა

ინციდენტები ლიეჟში და მიგზავნილი პროვოკატორები - „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრმა“ გამოძიების დაწყებით მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ზვიად კუპრავამ საგამოძიებო უწყებაში განცხადება ცოტა ხნის შეიტანა.

კუპრავა საგამოძიებო უწყებას სთხოვს დაადგინოს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ლიეჟში საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ემიგრანტებს შორის გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და პროვოკაციების მოწყობა სცადეს.

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ მას აქვს ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ეს პირები არიან აღბეჭდილები. მისივე მტკიცებით, ამ მასალებით დგინდება, რომ ეს პირები სპეციალურად იყვნენ პროვოკაციების მოწყობის მიზნით საქართველოდან ჩასულები. კუპრავა ამბობს, რომ მას აქვს მტკიცებულება, რომ აღნიშნული პირები მეორე დღეს საქართველოში დაბრუნდნენ.

კუპრავას თქმით, ეს ადამიანები ხელისუფლების დაკვეთით ლიეჟში პროვოკაციებს აწყობდნენ.

„ის, რომ ეს ადამიანები მეორე დღესვე, პირველივე რეისზე ლიეჟიდან საქართველოში დაბრუნდნენ ნიშნავს იმას, რომ ეს პირები არავითარ ემიგრაციას არ წარმოადგენდნენ იქ და იყვნენ მივლენილები საქართველოს ხელისუფლების მიერ. გამოძიებამ სწორედ უნდა დაადგინოს თუ რა მიზნებით, რა მოტივებით, რატომ გააგზავნეს, რა მისია ჰქონდათ ამ ადამიანებს, როდესაც ჩადიოდნენ ლიეჟში. იყვნენ როგორც გარე პერიმეტრზე, ასევე კონგრესის შენობაში. მათ გამოიყენეს სხვადასხვა თხევადი გაზი, რომელიც საბოლოო ჯამში, იწვევდა ცრემლდენას და წვას. მათი ქმედება იყო დანაშაულებრივი ქმედება, სწორედ ამიტომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს დღეს და დაუყოვნებლივ,“ - განაცხადა კუპრავამ.

მიხეილ სააკაშვილსა და ემიგრანტებს შორის ლიეჟში შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. თუმცა, შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

ემიგრანტები, ვინც მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ჩავიდნენ ჰყვებიან, რომ ე.წ. ტიტუშკების ჯგუფის წევრობისთვის ხელისუფლების წარმომადგენლები ერთ ემიგრანტს 125 ევროს და ლიეჟში უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ.

დღის ამბები