19 აპრილი 2019,   09:25
ვრცლად
ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ორჯერ ნასამართლევია 

საზარელი მკვლელობა რუსთავში - 13 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი ორჯერ არის ნასამართლევი. 29 წლის მამაკაცი სასამართლომ დღეს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორმა, ვალერი ირემაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ დაკავებული ძარცვისთვის და მეზობლის ცემის ფაქტზეა გასამართლებული, თუმცა, არცერთ შემთხვევაში მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ კითხვის ნიშნები არ დამდგარა.

შესაძლო ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრისას პროკურორმა აღნიშნა, რომ ოჯახი წევრების განცხადებით, ფსიქიკური აშლილობა დაკავებულს დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაეწყო.

„რაც შეეხება ფსიქიურ პრობლემებს, აღნიშნულის თაობაზე მინდა მოგახსენოთ, რომ ბრალდებულს საერთოდ არასდროს წარსულში არ უფიქსირდებოდა. ის არცერთ დაწესებულებაში არ იყო რეგისტრირებული. რაც შეეხება მის წარსულ ნასამართლეობას, ის 2008 წელს იყო ძარცვისთვის ნასამართლევი და 2014 წელს იყო მეზობლის ცემისთვის ნასამართლევი,“ - ამბობს პროკურორი.

ადვოკატი, ლევან ჯალაღანია კი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს. ის დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვე აცნობიერებდა შექმნილ მდგომარეობას.

„თუ ექსპერტიზა ობიექტურად და მიუკერძოებლად წარიმართება, ამ შემთხვევაში აუცილებლად დადგინდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ მოქმედებდა ბრალეულად და, შესაბამისად, ის ვერ ათვითცნობიერებდა, ზოგადად, ქმედების სამართლებრივ შინაარს და რეალურად დადგინდება, რომ ჩვენ საქმე გვქონდა ფსიქიკური ნაკლის მქონე ადამიანთან და არა მკვლელთან,“ - განაცხადა ლევან ჯალაღანიამ.

29 წლის მამაკაცმა 14 წლის ძმისშვილი ორი დღის წინ მოკლა. მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები