18 ივნისი 2019,   13:49
ვრცლად
18 ახალი 9-სართულიანი კორპუსი მოსკოვის გამზირზე - საკრებულოს ოპოზიცია ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. კამათი გენგეგმაში შესატან ცვლილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, სამგორში, მოსკოვის გამზირზე, 18 ახალი კორპუსი უნდა აშენდეს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება გენგეგმის დამტკიცებამდე ცდილობს, მოასწროს და კონკრეტულ ინტერსებს მოარგოს დედაქალაქის სამომავლო განვითარება.

საკრებულოს უმრავლესობის კრიტიკა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადებას მოჰყვა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა საცხოვრებელ ზონად გადააქციეს, სადაც 18 9-სართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება.

„ამ გენერალური გეგმითაც და ახალი რომ უნდა მიიღოთ, რომელსაც არ იღებთ იმიტომ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოთ, ამის გაკეთება არ შეიძლება. რატომ ღებულობთ ამ გადაწყვეტილებას? ამის შემდეგ ფარცხალაძეს რომ ვუყურებ, დირსში მიღებულ გადაწყვეტილებას, სარეკრეაციო ზონაში მშენებლობის ნებართვა რომ მიეცით, აქაც რასაც აკეთებთ, 18 9-საართულიანი კორპუსი რომ უნდა აშენდეს, ამისთანებს რომ ვუყურებ ხოლმე, შემდეგ აღარ მიკვირს კახი კალაძეს დეკლარაციაში რაღაც აცდენები რომ აქვს,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის საპასუხოდ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ, აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ თბილისში ასეულობით კორპუსი აშენდეს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს ისეთი ოპონენტები, როგორიც გვყავს. ბატონო ლევან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თბილისში, რომ ისეთ ტერიტორიაზე, როგორიც ეს არის, სამწუხაროდ, ფოტოები არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია, ჟურნალისტები წავიყვანოთ, დღეს იქ არსებული ნანგრევები ვანახოთ, აშენდეს არა 18, არამედ რაც შეიძლება, ასობით ახალი კორპუსი თბილისში,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა ასევე თბილისის ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე. მან აღნიშნა, რომ ქალაქგეგმარებითი პროცესი არ შეჩერებულა და ზონების ცვლილება ახალ გენგეგმასთან თავსებადია.

„ძალიან გამაოცა იმიტომ, რომ საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა იცვლება საცხოვრებელი ზონით. ანუ მაღალი კორპუსების ნაცვლად, უნდა აშენდეს დაბალი კორპუსები... მიუხედავად იმისა, რომ განაშენიანების გენერალური გეგმა დამუშავების პროცესშია, ჩვენ ქალაქგეგმარებითი პროცესი არ შეგვიჩერებია. რაც მთავარია, თითოეული გეერგე, რომელიც მტკიცდება, განიხილება გენგეგმის ჯგუფთან, რომელიც მუშაობს ამ გენგეგმის პროექტზე და რომელმაც დაასრულა მუშაობა. ანუ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, თუ როგორი გეერგე უნდა დავამტკიცოთ და ფუნქციური ზონის ცვლილებები როგორი უნდა გავაკეთოთ, ეს არის თავსებადი ახალ გენერალურ გეგმასთან,“ - ამბობს ირაკლი ხმალაძე.

დღის ამბები