18 ივნისი 2019,   13:54
ვრცლად
ძალადობის ფაქტები მოზარდებზე - ძველი თბილისის პოლიციის მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ძველი თბილისის პოლიციის პირველი სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პოსტი პოლიციელს, სავარაუდოდ, მოზარდებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო დაატოვებინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმძღვანელის თანამდებობა თანამშრომლების მიერ, სავარაუდოდ, არასრულწლოვნების ცემის გახშირებულ ფაქტებს ემსხვერპლა.

კურიერის წყაროს ცნობით, საუბარია დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვნებზე, რომლებზეც ფიზიკურად პოლიციის განყოფილებაში იძალადეს.

გეგმები შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოულოდნელი გათავისუფლების გამო შეიცვალა. ადამიანის უფლება დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პრესკონფერენციის მთავარი თემა საკანონმდებლო ცვლილებები იყო.

ქვეყანაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები გაიზარდა. 2018 წელს ამ მუხლით პასუხისგებაში 116 პირი მისცეს, აქედან 86-ს 16 წელს მიუღწეველ ბავშვთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირის დამყარებაში ადანაშაულებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა, ცნობიერების ამაღლების ხარჯზე, სექსუალურ ძალადობაზე ბავშვები და მათი მშობლები მასობრივად აღარ ჩუმდებიან.

უწყებამ დღეს სექსუალური მოძალადეების მიმართ კანონმდებლობის გამკაცრება დაანონსა.

ცვლილებების თანახმად, მოზარდებზე ძალადობაში ბრალდებულებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობა შეეზღუდებათ და მოძალადეთა ბაზაში მოხვდებიან.

კანონპროექტი შსს-მ მთავრობას უკვე წარუდგინა და უახლოეს სხდომაზე განიხილება, რის შემდეგაც, საკითხზე მუშაობას პარლამენტი დაიწყებს.

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მომუშავე არასამთავრობოები ამბობენ, რომ პროცესში სუსტი რგოლი სწორედ გამოძიებაა. ხშირ შემთხვევაში, გამომძიებლებს ბავშვთან მუშაობის ცოდნა არა აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობასა და დეპუტატებს ფართო განხილვების გამართვას სთხოვენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები