20 ივნისი 2019,   06:06
ვრცლად
ანაკლიის პორტი - რუსული "ნოვოროსისკის" ქართული კონკურენტი, რომელსაც დიდი გემების მიღება შეეძლება 

2020 წლის ბოლოს, ანაკლიის პორტმა პირველი გემი უნდა მიიღოს, 2021-ში საქართველოს ყველაზე ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა ფუნქციონირება უნდა დაიწყოს - ეს იმ შემთხვევაში, თუკი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, მესამე და ყველაზე დიდი პორტის მშენებლობა არ შეფერხდება და ანაკლიის კონსურციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ამ პროცესს არ დაამუხრუჭებს. ამ ჰოლდინგის დამფუძნებელი ამერიკული "კონტი ჯგუფია." 

ანაკლიის პროექტის განსაკუთრებული ხიბლი მის გამტარუნარიანობაშია. ახლა პორტს დიდი გემების მიღება და ბევრად უფრო მეტი კონტეინერის გადატვირთვა შეეძლება, ვიდრე ბათუმისა და ფოთის პორტებს ერთად. მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს გადამამუშავებელი ქარხნები და იგეგმება მთელი ინდუსტრიის მშენებლობა.

საქართველოს ამ ეტაპზე 2 პორტის, ბათუმისა და ფოთის მეშვეობით შავი ზღვის ტვირთების დაახლოებით 25 პროცენტის მიღება შეუძლია, დანარჩენი იკარგება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი, რომელიც დიდი და გიგანტური გემების მომსახურებას შეძლებს, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. ამავდროულად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი მარშრუტების კიდევ ერთი ახალი და ალტერნატიული სატრანსპორტო კორიდორი გახდება და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ნოვოროსიისკის რუსულ პორტს.

ასეთი პროექტში დასავლეთის ინვესტიციების დაბანდება და შესაბამისად, ევროკავშირისა და ამერიკის ინტერესების გაჩენა, საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

 

დღის ამბები