25 მარტი 2019,   18:56
ვრცლად
TBC ბანკის საქმე  - გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ 

TBC ბანკის საქმეზე ბრიუსელშიც ილაპარაკებენ. ყველაზე გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც უკვე შეისწავლეს ბანკის საქმე, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში არიან.

ხვალ დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში და არასამთავრობო აქტივისტები სწორედ ევროპელ პოლიტიკოსებთან გეგმავენ საქართველოს ხელისუფლების კერძო ბანკსა და უმსხვილეს სატრანსპორტო პროექტზე შეტევის დეტალების განხილვას. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების აზრით, TBC-ის საქმეზე პოლიტიკური მოტივაცია იკვეთება. ისინი ამბობენ, რომ ანაკლიის პროექტისთვის ხელის შეშლა, საქართველოსთვის ცუდი ფაქტი იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებელ კომპანიას პრობლემებს უქმნის, სწორედ ეს მიუთითებს, რომ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებელ კომპანიას პრობლემებს უქმნის, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, იმიტომ რომ ანაკლიის პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული პროექტი და რა თქმა უნდა, მისი საშუალებით, შესაძლებელი იქნებოდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჩვენს მოქალაქეებთან უფრო ახლო ურთიერთობა გვქონოდა და გაგვეახლებინა მშვიდობიანი ურთიერთობა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე TBC ბანკის საქმეში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს.

„გარკვეულ წილად, შეიძლება "რუსთავი 2"-ის საქმესაც მაგონებს ეს კონკრეტული საქმე. მაშინაც იყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის ძირითადად სამართლებრივი საკითხი და აქ რაღაც პოლიტიკური ნიშნები არ უნდა დავინახოთ, თუმცა ბუნებრივად ჩნდება ამ პოლიტიკური ნიშნების არსებობის შესახებ განცდა, განსაკუთრებით როდესაც ეს არ ეხება  მხოლოდ TBC ბანკს, არამედ საქმე ეხება ანაკლიის პორტსაც,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

 

დღის ამბები