25 მარტი 2019,   18:57
ვრცლად
"ექსპერტიზა მნიშვნელოვანი წყაროა გარემოებების დადგენისთვის“ - ქეთევან ციხელაშვილი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე

„მნიშვნელოვანი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ცხედრის გადმოცემის პროცესის სწრაფად დასრულება, იმიტომ რომ ექსპერტიზა მნიშვნელოვანი წყარო არის გარემოებების დადგენისთვის“ - ეს განცხადება, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სერგი კაპანაძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე დაინტერესდა, რა დამატებით ინფორმაციას ფლობს ქეთევან ციხელაშვილი გალის იზოლატორში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, სადაც 29 წლის ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა.

ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ მოტივზე, ჯერჯერობით, ვერ ისაუბრებს, რადგან ჯერ უნდა მოხდეს ცხედრის გადმოცემა და შემდეგ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება.

„ინფორმაცია, რომელიც გუშინ ჩვენ გვაქვს მიღებული ახალგაზრდა კაცის სიკვდილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის ძალიან აქტუალური. კიდევ ერთხელ, მე ვერ მივცემ ჩემ თავს ვერანაირად უფლებას, რომ დღეს რაიმე ტიპის ვარაუდებზე ვილაპარაკო, მით უფრო გითხარით, რომ სამუშაო პროცესში ვართ იმისათვის, რომ გარემოებები დავაზუსტო და უპასუხისმგებლო იქნება ახლა უბრალოდ, რომ რაღაც ისეთი გავაჟღერო, რომელიც რაიმენაირად დაემუქრება ამ პროცესს. მნიშვნელოვანი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ცხედრის გადმოცემის პროცესის სწრაფად დასრულება, იმიტომ რომ ექსპერტიზა მნიშვნელოვანი წყარო არის გარემოებების დადგენისათვის. არა მხოლოდ მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობა აქვს ამას. თანათავმჯდომარეების ვიზიტი, გითხარით, რომ შევხვდით და ვესაუბრე პირადად მეც. კონკრეტულ საკითხებს აყენებენ, იქ საუბარი იყო ერთ-ერთი დეფაქტოს განცხადებაში კადრებზე, რომელიც  ხელმისაწვდომია ამ გარემოებების თაობაზე.... იმედს გამოვთქვამ, რომ ხელთ არსებული ყველა გარემოება და ამ ნაწილში მაინც ვითანამშრომლებთ, რომ გარემოებებს რაღაცნაირად ნათელი მოეფინოს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა შაბათს დააკავეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. 

ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

"კურიერს" გალში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე უყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გული დაკითხვისას გაუსკდა. საოკუპაციო რეჟიმი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები