20 მაისი 2019,   13:45
ვრცლად
ბატონო ბიძინა, ჩვენი ფაბრიკის გაჩერების მიზეზი, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ხელისუფლების განაწყენებაა - "ომეგას" თანამშრომლები

„ომეგა ჯგუფის“ გაჩერებამ ბიუჯეტი ბოლო ორ თვეში 12 მილიონი ლარით აზარალა - 1500 თანამშრომელზე მეტი კი სამსახურის გარეშეა დარჩენილი.

"ომეგა ჯგუფის" თანამშრომლებმა ბიძინა ივანიშვილს ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

მათი განცხადებით,  იმის გამო, რომ სიგარეტის ქართული წარმოება შეჩერებულია ზარალი სახელმწიფო შემოსავლებზეც აისახება.  განცხადებაში კი წერია, რომ ფაბრიკის გაჩერების მიზეზი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიმართ მთავრობის განაწყენებაა.

“ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე და მის შედეგებზე საუბრობენ.

„ბატონო ბიძინა, ჩვენთვის, უბრალოდ მშრომელი ხალხისთვის კარგად გასაგებია მიზეზი "ომეგას" ფაბრიკის გაჩერების, რომელიც მდგომარეობს მთავრობის განაწყენების, რადგან ჩვენმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა პირველად საქართველოში გამოამჟღავნა მტკიცებულებები კორუფციის, გამოძალვისა და რეკეტი მმართველ ვერტიკალში. ამავე დროს არ შეასრულა თქვენი მოთხოვნა, არ წაიკითხა პრეზიდენტის არჩევნების დროს გადმოცემული ტექსტი, როგორც ეს თქვენთან დაახლოებულმა და შემდეგ მოძულებულმა ბანკირმა ჩაიდინა,“-ნათქვამია განცხადებაში.

”ომეგა ჯგუფის” გენერალური დირექტორი ლევან აღდგომელაშვილი ამბობს, რომ კომპანია ხელოვნურად არის გაჩერებული და ეს პირად წყენას უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო კომპანიის დავალიანების რესტრუქტურიზაციას მოახდენდა.

"ეს რომ იყოს კანონისა და სამართლის ფარგლებში მოქცეული თემა, მთავრობა დაგვთანხმდებოდა, რომ პირველ რიგში რესტრუქტურიზაცია მომხდარიყო. არც განუხილავს ეს რესტრუქტურიზაციის კომისიას, არც შეკრებილა. ჩვენ ბოლოს, როდესაც მარტის დასაწყისში საგადასახადო შეთანხმებაზე წარვადგინეთ მესამე თუ მეოთხე წინადადება იყო უკვე, სრულად შევთავაზეთ მთლიანი დავალიანების დაფარვა ამაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს,"-ამბობს აღდგომელაშვილი. 

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით,  ბიუჯეტში 2018 წელს 1.5 მილიარდზე მეტი ლარი შევიდა.

2018 წელს, მას შემდეგ, რაც ფაბრიკამ მუშაობა განაახლა, ბიუჯეტში  6 მილიონი ლარი შეიტანა, ხოლო ხელახალმა გაჩერებამ 2019 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში სახელმწიფოს  12 მილიონი ლარი აზარალა. თანამშრომლები ფაბრიკის ამუშავებას ითხოვენ.

დღის ამბები