22 აპრილი 2019,   19:37
ვრცლად
TBC ბანკის საქმე და არც ერთი კითხვა სკანდალურ წერილზე - ვახტანგ ბუცხრიკიძე ხმაურიანი გამოძიების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ გამოკითხეს

TBC ბანკთან დაკავშირებული გამოძიების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ ბანკის გენერალური დირექტორი პირველად გამოკითხა.

ვახტანგ ბუცხრიკიძეს მთავარმა საგამოძიებო უწყებამ არც ერთი კითხვა არ დაუსვეს მუქარის იმ წერილზე, რომელიც ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, მტკიცებით, მას გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

წერილზე დასმული კითხვის შემდეგ, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ინტერვიუ შეწყვიტა და ჟურნალისტების არც ერთ კითხვაზე აღარ უპასუხა.

12 წლის წინანდელ გადარიცხვებზე გამოძიება პროკურატურამ 8 თვის წინა დაიწყო და ბანკის დირექტორთან კითხვები მხოლოდ რვა თვის შემდეგ გაუჩნდა. ვახტანგ ბუცხრიკიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პროკურატურამ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხა. დაკითხვების სერია პროკურატურამ ორკვირიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ვახტანგ ბუცხრიკიძის დაკითხვის შემდეგ ოპოზიცია დარწმუნდა, რომ პროკურატურა სკანდალური წერილის საქმის გამოძიებას შეეშვა.

საპარლამენტო უმცირესობამ დღეს მმართველ გუნდს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოსთხოვა. გახარია-ხაზარაძის მიმოწერა, ე.წ. ტროლების ქარხანა და ფულის გათეთრების საქმე - ოპოზიცია აცხადებს, რომ TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული პროცესების გამოძიება პარლამენტისთვის ღირსების საკითხია.

ქართული ოცნების ლიდერები კი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავენ. ფულის გათეთრებისა და კიბერთავდასხმის საქმეებს კი საგამოძიებო უწყებებს ანდობენ.

მმართველი გუნდი არც ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის შესრულებას გეგმავს.

პარტია ითხოვს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელობის მონაწილეობით გაფართოებული საკომიტეტო განხილვა ჩატარდეს და პასუხი გაეცეს კითხვას, რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს.  

დღის ამბები