22 აპრილი 2019,   19:38
ვრცლად
"ნინო გვენეტაძეს შეუძლია, ბევრი საინტერესო რამ ისაუბროს ამ კლანის შესახებ" - კახა წიქარიშვილი

„ნინო გვენეტაძეს შეუძლია, ბევრი საინტერესო რამ ისაუბროს ამ კლანის შესახებ,“ - ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის, ყოფილი თანაშემწემ, კახა წიქარიშვილმა, სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

კახა წიქარიშვილის თქმით, მას ნინო გვენეტაძესთან მუშაობის გამოცდილება აქვს და იცის, თუ რა წნეხის ქვეშ იმყოფებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე.

„გვენეტაძის იმედი იყო, რომ ის შეძლებდა ამ კლანის დამარცხებას და ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ჩავარდა,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.

კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ ნინო გვენეტაძემ სასამართლო სისტემის გაწმენდა სცადა, თუმცა, არ გამოუვიდა.

„მას ჰქონდა არჩევანი, რომ გამხდარიყო კლანთან მებრძოლი მოსამართლე ან გამხდარიყო კუბლაშვილი 2. მან დაიწყო იმ იმედებით, რომ ის იქნებოდა მართლმსაჯულების გადამრჩენი, მაგრამ საბოლოოდ დაასრულა კუბლაშვილი 2-ით, მაგრამ კუბლაშვილზე უარეს დღეში ჩავარდა, ვინაიდან მას კიდევ უფრო სერიოზული ჩათრევა ემუქრებოდა ამ კლანისგან,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.

წიქარიშვილის თქმით, მან გვენეტაძეს მოუწოდა, რომ ღიად დაპირისპირებოდა კლანს, თუმცა, გვენეტაძემ ეს ნაბიჯი არ გადადგა.

„მან მითხრა, რომ, თუ ის ღიად დაუპირისპირდებოდა ამ კალნს, ის საქმეს ვერ გააკეთებდა სასამართლოში და შესაბამისად, ის გადავიდა თანამშრომლობის რეჟიმში, თუმცა, რა მიიღო ამ თანამშრომლობის შედეგად ეს მეორე საკითხია. მან მიიღო ის, რომ დაიხია კლანის წინაშე, შემდგომ მან ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, მაგრამ ამ ჩაყოლასაც აქვს გარკვეული ზღვარი და ნინო გვენეტაძე არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველანაირ ზღვარს გადააბიჯოს... როდესაც მივიდა ზღვრამდე, ის წამოვიდა სისტემიდან,“ - ამბობს წიქარიშვილი.

კახა წიქარიშვილმა არჩევანის ეთერიდან ნინო გვენეტაძეს ღიად საუბრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დღეს ქვეყანა დგას საკმაოდ გადამწყვეტი ფაზის წინაშე. კლანური მმართველობა უკვე თავის აპოგეას უახლოვდება, მათ ხელში უნდა ჩაიგდონ უზენაესი სასამართლო და ამ შემთხვევაში გვენეტაძის სიტყვას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფასი, ვინაიდან მან ძალიან ბევრი რამ იცის, ბევრი ფაქტის შემსწრეა და შეუძლია, რომ ბევრი რამ საინტერესო ისაუბროს ამ კლანის შესახებ,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.

დღის ამბები