20 ივლისი 2019,   12:39
ვრცლად
სქემა, რომელითაც ფოთის მერიაში სავარაუდოდ, თანხებს იპარავდნენ - ტენდერების მონაწილე კომპანიის დირექტორის ექსკლუზიური ინტერვიუ

სქემა, რომელითაც სავარაუდოდ სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს იპარავდნენ - საგამოძებო სამსახურმა ფოთის მერიიდან დოკუმენტები უკვე ამოიღო. საქმე ეხება მალთაყვაში, სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის ჩასატარებელ სამუშაოებს.

სწორედ ეს პროექტი გახდა მიზეზი იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გუშინ ფოთის მერიაში შევიდა. მალთაყვაში სამუშაოები უცხოურ საინვესტიციო კომპანიას უნდა განეხორციელებინა, რომელსაც უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, ხელშეკრულება შეუწყდა. თავად, უცხოური საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ხელოვნური ბარიების შეუქმენს, რის გამოც მათ სამუშაოების ხარისხიანად შესრულება ვერ შეძლეს. 

ექსკლუზიურად „კურიერს“ ტენდერების მონაწილე კომპანიის დირექტორმა გაუშიფრა სქემა, როგორ ხდებოდა, შესყიდვებისას თანხების გაბერვა და შემდეგ როგორ მიდიოდა წილი ბიუჯეტის ფულიდან ჩინოვნიკებთან. სქემის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტი იმაზე ძვირად აფასებს შესრულებულ სამუშაოებს, ვიდრე ეს რეალურად ჯდება, მორჩენილი თანხა კი ე.წ. ატკატების სახით, ამა თუ იმ მაღალჩინოსნის ჯიბეში მიდის. 

კომპანიის იურისტი, გიორგი მონიავა ამბობს, სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა, რადგან მასთან ქრთამთან დაკავშირებით მოლაპარაკება ვერ შედგა.

იურისტის თქმით, წინა შემთხვევაში, როდესაც მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, კომპანიამ ანტიკორუფციულ სამსახურს მიმართა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს. 

„ფოთში ჩვენ არ გვქონია ეს შემთხვევა და ჩვენთან ესეთი რაღაც ვერ გააკეთეს და ვერ გააკეთეს იმიტომ, რომ ესეთი რაღაც იყო ოზურგეთში, როცა ამ კომპანიას მოსთხოვეს ქრთამი, რაღაც ნაწილი გადაიხადა, რაღაც ნაწილზე ჩართო უკვე კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური და საკრებულოს უფროსის მოადგილე დააკავეს ქრთამის აღებაზე. ის ბექგრაუნდი ამ კომპანიას აქვს, შესაბამისად, როცა მოიგო ფოთში ამ კომპანიამ ეს ტენდერი, დამოკიდებულება მის მიმართ იყო უნდობი და არამეგობრული. იქიდან გამომდინარე იყო ალბათ განპირობებული ეს მიდგომები, რომ მოიშორეს რეალურად კომპანია,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი მონიავამ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე, ირაკლი თოფურია, უცხოური საინვესტიციო კომპანიის ბრალდებებს, აბსურდული უწოდა.

„ჭორაობის დონეზეა ლაპარაკი ნახევარი მილიონი იყო თუ რა. ერთი ერთზე, კაპიკი კაპიკზე არასდროს პროექტი არ ჯდება, მაგრამ ეს არის უკვე ბოლო ეტაპი რომ მთავრდება პროექტში, იქ ჩანს, რომ რამდენი იქნება იქ რეალური შესრულება და რამდენი არ იქნება. თვითონ ეს მშენებელი არაფრით არ ზარალდება. მას უნაზღაურდება თანხა ფაქტიური სამუშაოების და მისთვის რა მნიშვნელობა იყო, პროექტი რამდენით იყო დასაკორექტირებელი თანხის ამბავში. ის რასაც შეასრულებდა, იმ თანხას მიიღებდა,“ - განაცხადა ირაკლი თოფურიამ.

 

 

 

დღის ამბები