23 აპრილი 2019,   11:16
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობა - საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა, სააპელაციო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება. დასკვნითი სიტყვა დღეს ბრალდების მხარემ წარმოადგინა. საქმის პროკურორის განცხადებით, დეტალურად მიმოიხილეს საქმის ირგვლივ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, როგორც საქალაქო სასამართლოში ისე სააპელაციოში, რაც საქმეზე ობიექტური განაჩენის გამოტანის საფუძველი იქნება.

ადვოკატების აზრით, ბრალდების მხარე დღეს სუსტად მომზადებული ჩანდა. უფლებადამცველის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, ბრალდების მხარის მოწმის მხრიდან, მუდმივად შეცვლილი ჩვენებები ისმის. 

„მიუხედავად იმისა, რომ ხორავას ქუჩის საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური სისხლის სამართლის საქმე, შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ მე ჯერ ასეთი სუსტი პოზიცია ბრალდების მხარის, ასეთი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსუსური დასკვნითი სიტყვა, მე ჯერ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში არ მომისმენია. ბრალდების მხარე, მთელი სხდომის განმავლობაში, ცდილობდა დაერწმუნებინა სასამართლო, რომ უტყუარი მტკიცებულებაა ისეთი მოწმის ჩვენება, რომელიც საგამოძიებო ორგანოს მიერ დაიკითხა სამჯერ. სამივეჯერ სხვადასხვა ინფორმაცია აწვდის საგამოძიებო ორგანოს. სასამართლოში სამი დღის განმავლობაში დაიკითხება, სამივე დღეს ის უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდის, შემდეგ მოდის უკვე სააპელაციო სასამართლოში და აქაც კატეგორიულად ცვლის, როგორც გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, ასევე სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. ასეთი მოწმის ჩვენების გაზიარება და უტყუარ მტკიცებულებად წარმოჩენა უნდა ბრალდების მხარეს,“ - განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე, მომავალი სხდომა 2 აპრილს გაიმართება, სადაც დასკვნით სიტყვას, დაცვის მხარე იტყვის.

დღის ამბები