17 ივლისი 2019,   19:36
ვრცლად
ბანკებს უნდა ავუხსნათ, რომ არსებობს ამ ქვეყანაში სხვა რისკები გარდა რუსეთისა - ცქიტიშვილი

ჩვენ ბანკებს უნდა ავუხსნათ, რომ ქვეყანაში რუსეთის გარდა სხვა რისკებიც არსებობს - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში ხელშეკრულებაში ჩადებულია ისეთი მექანიზმები, რომელიც საქართველოს გარანტიას აძლევს პორტის კრედიტორებს შორის არ მოხვდნენ ისეთი პირები, ან პირთა ჯგუფი, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ოქროს აქცია, ეს არის იმის დაზღვევა, რომ პორტის ოპერირების პერიოდში ინვესტორმა არ შემოიყვანოს მეწილედ ან კრედიტორად პირი,  რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. სხვათა შორის დღეს ბანკები იმისთვის, რომ მოქნილი პირობები უზრუნველყონ, გვთავაზობენ, რომ ასეთი აკრძალული პირი შეიზღუდოს მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ნაწილში. ჩვენ ბანკებს უნდა ავუხსნათ, რომ არსებობს ამ ქვეყანაში სხვა რისკები გარდა რუსეთისა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ინტერესი ამ პორტთან მიმართებაში უდავოა, იმასთან დაკავშირებით,რომ ეს პორტი გარკვეულ პრობლემებს შექმნის და შესაბამისად, სწორედ ამიტომაც გვაქვს ოქროს აქცია,ან სხვა მექანიზმები ხელშეკრულებაში,  რომელიც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს,რომ ამ რისკებისგან თავი დაიცვას“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო არ ფიქრობს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების ალტერნატიულ გზებზე. მინისტრის განცხადებით, კითხვა, ხომ არ განახორციელებს ამ პროექტს საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილი ან ვანო ჩხარტიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. თუმცა ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ანაკლიის კონსორციუმთან მუშაობის უშედეგოდ ჩავლის შემთხვევაში სახელმწიფომ ახალი გზების ძიებაზე იზრუნოს.

ცქიტიშვილი ასევე გამორიცხავს, რომ ანაკლიის პორტი პრობლემებს შეუქმნის ფოთისა და ბათუმი პორტებს. მინისტრი ამბობს,რომ ანაკლიის პორტს აქვს მკვეთრად განსაზღვრული დანიშნულება ეს არის ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორს წარმოადგენს.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, გვეყოლება თუ არა ბიძინა ივანიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი ან ჩინელი ინვესტორი გაგიმეორებთ იგივეს, ჯერ ვმუშაობთ კონსორციუმთან და სხვა ინვესტორებთან თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მისაღები, ჩვენ ისეთი გზით წავალთ, სადაც იქნება უზრუნველყოფილი პროცესის სრული გამჭვირვალობა და უზრუნველყოფილი იქნება ეს პორტი არ მოხდეს ისეთი ხალხის, ჯგუფის ხელში, რომელიც ეწინააღმდეგება სტრატეგიულ ინტერესებს,“-განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები