22 აპრილი 2019,   19:37
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა „ფოქს ნიუსში“ გამოქვეყნებული სტატიით არ ფასდება, სერიოზულად ვერ მოვეკიდებით - არჩილ თალაკვაძე 

გავლენიანი ამერიკული მედიასაშუალების FOX NEWS-ის სტატია, რომელმაც საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, პოლიტიკურ წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის უინტერესო აღმოჩნდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა ვერ შეფასდება იმით, რაც გამოცემის სტატიაში წერია.

მისი თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია რა ხდება საქართველოში და როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას აშშ და ევროკავშირი.  

„ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა „ფოქს ნიუსში“ გამოქვეყნებული სტატიით კი არ ფასდება და მასში მოყვანილი არაიდენტიფიცირებული წერილებით,  არამედ ფასდება იმით თუ თითოეული მოქალაქე საქართველოში და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი, როგორ აფასებენ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში და მმართველი გუნდის საქმიანობას.

"ფოქს ნიუსი" რამდენ სტატიასაც არ უნდა აქვეყნებდეს, პირველ რიგში შეფასების მთავარი წყარო არის ის საქმე, რომელიც აქ კეთდება ადგილზე და თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც აკეთებს ქართულ საქმე და ეს არის "ფოქს ნიუსის" ერთი სტატია, სადაც არაიდენტიფიცირებული წერილებია და  ამ სტატიას, რა თქმა უნდა, ჩვენ სერიოზულად ვერ მოვეკიდებით იმიტომ, რომ ვიცით რას ვაკეთებთ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გავლენიანი ამერიკული ტელეარხის ონლაინ გამოცემამ ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილები მოიპოვა. 756-გვერდიანი მიმოწერიდან ნაწილი საქართველოს და ბიძინა ივანიშვილს ეხება. ამ წერილების ანალიზზე დაყრდნობით ფოქს ნიუსი წერს, რომ ივანიშვილი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ვლადიმერ პუტინს განზრახ არ აკრიტიკებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. სტატიაში ასევე საუბარია პიროვნებაზე, მისი ვინაობა არ სახელდება, ის სავარაუდოდ ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შუამავლის როლს ასრულებდა და ის სავარაუდოდ ივანიშვილს არჩევნების წინ შეხვდა, თუმცა სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 2012 წელს ივანიშვილი ახალი ამბების სათაურებში კვლავ მოხვდა, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც კლინტონთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები