22 აპრილი 2019,   19:37
ვრცლად
შეტევა "რუსთავი 2"-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე - ირაკლი კობახიძე მესამე სექტორს ისევ თავს ესხმის

ირაკლი კობახიძე მესამე სექტორს კვალავ აკრიტიკებს და თავს ესხმის. პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანა. ირაკლი კობახიძემ მძიმე პოლიტიკური ბრალდებები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების თანდასწრებით გაახმოვანა. კობახიძის მხრიდან ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი „რუსთავი 2“ და სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც იყო.

მისი მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავლენიანმა არასამთავრობოებო ორგანიზაციებმა ნეიტრალურობა ვერ შეინარჩუნეს და ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვნენ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთვრობოებს უნდობლობა გამოუცხადა და თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ორგანიზაციები ნეიტრალური დამკვირვებლის როლს ვერ შეასრულებენ.  

მესამე სექტორი ირაკლი კობახიძის გარდა, იუსტიციის მინისტრმაც გააკრიტიკა. თეა წულუკიანმა ისინი ოპოზიციასთან გარიგებაში დაადანაშაულა და მათ პროფესიონალიზმი დაუწუნა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის კრიტიკას გამოეხმაურნენ და პარლამენტის თავმჯდომარეს სამარცხვინო და მატყუარა უწოდეს. იმავე დარბაზში, სადაც ირაკლი კობახიძე მათ აკრიტიკებდა, მომხსენებლის სავარძელი მესამე სექტორმა დღის მეორე ნახევარში დაიკავა. მათ დოკუმენტურად დაასაბუთეს ამომრჩევლის მოსყიდვის, არჩევნების გაყალბების ფაქტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ეუთოსა და აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის იმ უმკაცრეს დასკვნებზე გაბრაზებულია, რომელიც ძირითადად ქართველი დამკვირვებლების ანგარიშებს ეყრდნობოდა.

ირაკლი კობახიძე ამ კრიტიკამ ისე გააბრაზა, რომ პასუხის პასუხად არასამთავრობოებს "წინა მთავრობის გონგოები" ანუ მთავრობის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები უწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მესამე სექტორის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე გავლენიანია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იმართება და მათ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც 2018 წლის არჩევნებზე მუშაობდნენ, ამბობენ, რომ რიგი პრობლემები გამოიკვეთა, რითაც ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფრთხე შეექმნა.

დღის ამბები