23 აპრილი 2019,   11:14
ვრცლად
მილიონი ხელმოწერა - სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები თელავში ჩავიდნენ

მილიონი ხელმოწერის შესაგროვებლად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები თელავში ჩავიდნენ. კამპანიას 20 ოპოზიციური პარტია მართავს და ამით ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. 

მილიონი ხელმოწერის კამპანიის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძე, მურმან დუმბაძე და დავით ბერძენიშვილი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მოქალაქეებს შეხვდნენ.

მათი განცხადებით, მრავალპარტიული ხელისუფლება იქნება სიღარიბის, კორუფციის, კრიმინალის დაძლევის წინაპირობა, ამისთვის კი გადამწყვეტი სწორედ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იქნება.

„ხელმოწერების შეგროვების კამპანია, რაც შეიძლება უფრო ფართოდ გავშალოთ ქალაქში, რომელიც ყოველთვის იყო პოლიტიკურად აქტიური და ყოველთვის ირჩევდა ოპოზიციონერს და რომელსაც ბრწყინვალედ ესმის, რისთვის არის საჭირო საქართველოს საარჩევნო სისტემის 100%-იან პროპორციულ სისტემაზე გადაყვანა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მარტო ამით საუბარი არ შეიზღუდა,  ვილაპარაკეთ სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ საკითხებზე, იმ რეფორმებზე, რომელსაც კოალიცია გამარჯვებისას უმოკლეს და უსწრაფეს ვადაში გააკეთებს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა კი განაცხადა, რომ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია. პროპორციული სისტემა კი ამას ხელს შეუწყობს.

„ძალიან კარგად არის ინფორმირებული ხალხი, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის დემოკრატიის, კოალიციის, მრავალპარტიულობის ხელშეწყობა. არსებული შერეული სისტემა არის რაღაცა შელეწვა-დალეწვისკენ მიმართული. კოალიციური მმართველობისკენ მზაობა, მაღალი სტანდარტის დემოკრატია არის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

          

დღის ამბები