23 აპრილი 2019,   11:13
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევის წესი - სახალხო დამცველი პარლამენტის წევრებს მოხსენებით მიმართავს

სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, მოსამართლე შერჩევის წესის შესახებ არსებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული, პარლამენტს მოხსენებით მიმართოს - ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში წერია, ეს არის სახალხო დამცველის რეგლამენტით განსაზღვრული უფლება, თუმცა ეს უფლება არსებობის მანძილზე სახალხო დამცველს არასოდეს გამოუყენებია. 

განცხადების მიხედვით, ომბუდსმენმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე, კვირის ბოლოს, ფორსირებულად უნდა მიიღონ.

Image result for ნინო ლომჯარია"საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წევრთა არჩევის წესის რეფორმას. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული უფლებამოსილება და 2019 წლის 27 მარტს მივმართეთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და ვთხოვეთ დასკვნის მომზადება კანონპროექტის გარშემო მაქსიმალურად დაჩქარებულად.

2019 წლის 12 აპრილს ცნობილი გახდა რომ იურიდიული კომიტეტი გეგმავს კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით 2019 წლის 15 აპრილისთვის. სამწუხაროდ, ეს ხდება ვენეციის კომისიის მოსაზრების წარდგენამდე და საზოგადოებას არ განემარტა აღნიშნულის მიზეზები საჯაროდ.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, პირველად ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება – გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე. მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას უპასუხოს პარლამენტის წევრთა კითხვებს.

სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი მოთხოვნის წერილი უკვე გადაგზავნილია. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მოხსენების წარდგენის თარიღს. სახალხო დამცველმა ასევე, მოითხოვა ბიუროს სხდომაზე დასწრება და საპროცესო საკითხების გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება,"-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები