24 აპრილი 2019,   23:12
ვრცლად
მორიგი საეჭვო ტენდერი - ძალოვან უწყებებს ხორც-პროდუქტებით შსს-ს გენინსპექციის მაღალჩინოსნის ოჯახის კუთვნილი კომპანია მოამარაგებს

კიდევ ერთი სადავო ტენდერი, რომლის გამარჯვებული კომპანია ძალოვან უწყებებს ხორც-პროდუქტებით ამარაგებს - კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "გერმანელ ყასაბს" რამდენიმე მეწილე ჰყავს და მათ შორისაა ივანე ჭიტაშვილიც, რომელიც კომპანიის 10 პროცენტს ფლობს. მისი შვილი კი მიხეილ ჭიტაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის მაღალჩინოსანია. ჭიტაშვილი გენერალურ ინსპექციაში დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობს.

ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს  სამოქალაქო სექტორს. სახალხო მოძრაობა ”შეაჩერე კორუფცია”  შესაძლო კორუფციულ ინტერესსა და ნეპოტისტურ კავშირზე საუბრობს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სატენდერი კომისიის სხდომაზე, სადაც მილიონიანი შესყიდვის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უშუალოდ იმყოფებოდნენ. კითხვები შეაჩერე კორუფციაში იმ თანხაზეც აქვთ, რომლის გადახდაც თავდაცვის სამინისტროს ჩაშლილი ტენდერის შემდეგ მოუწია. ამასთან, "გერმანული ყასაბი" ტენდერის ერთადერთი უკონკურენტო მონაწილე იყო. 

სატენდერო კომისიის შემადგენლობაშია კონკურენციის სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი ნოდარ ხადურიც. მისი განცხადებით, შესყიდვის დეტალებს არ იცნობს, რადგან სხდომას უშუალოდ არ დასწრებია, თუმცა ნეპოტისტურ კავშირებს გამორიცხავს.

კომპანია "გერმანელი ყასაბი" ძალოვან უწყებებს 21 მარტიდან ამარაგებს. ტენდერის შედეგებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩაატარა და მის შედეგებთან დაკავშირებით უწყება პასუხისმგებლობას იხსნის. 

დღის ამბები