21 მაისი 2019,   15:56
ვრცლად
პანკისში უკმაყოფილება იზრდება - ადგილობრივები პოლიციას გამოძიების გაყალბებაში ადანაშაულებენ 

პანკისში უკმაყოფილება იზრდება - მესამე დღეა, პანკისელები უშედეგოდ ელოდებიან, რომ ვინმე დაინტერესდება, რა ვითარებაში დაშავდა 10-მდე მოქალაქე.

სამართალდამცველებს ამ დრომდე რეზინის ტყვიით დაშავებული და ცრემლსადენი გაზით მოწამლული არც ერთი ადამიანი არ დაუკითხავთ. დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ მხოლოდ დაშავებულ სამართალდამცველებს ჩამოართვა ჩვენებები.

ხეობის მოსახლეობის თქმით, ბოლო ორი დღეა, შინაგან საქმეთა მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ დაპირისპირების დროს დამნაშავე მარტო პანკისის მოსახლეობაა.

ეჭვი აქვთ, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავა და ხელისუფლება დამალავს იმ ფაქტს, რომ დაპირისპირების პროვოცირება სწორედ სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენამ მოახდინა.

ობიექტური გამოძიების იმედი არა აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილსაც.

შვილმოკლული მამა, რომელიც პანკისის მოსახლეობის დასახმარებლად ხეობაში ჩადიოდა, ამბობს, რომ პოლიციამ არ შეუშვა, დააკავეს და რამდენიმე საათით თავისუფლად გადაადგილება შეზღუდული ჰქონდა.

პანკისელები ფიქრობენ, რომ ჰესი ხადორი 3-ის უკან ხელისუფლების წარმომადგენელთა ბიზნესინტერესები დგას. მათ შორის უკავშირებენ კახა კალაძესაც, რომელმაც ჰესის მოწინააღმდეგე პანკისელებს დღეს "ქვეყნის მტრები" უწოდა.

ალაზნის სანაპიროზე საგამოძიებო მოქმედებები დილიდან განახლდა. პოლიციამ რამდენიმე ადგილი მოინიშნა, თუმცა, რას ეძებენ იქ გამომძიებლები, უცნობია. მდინარის ველზე ისევ რჩება საპოლიციო ძალაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები