22 აგვისტო 2019,   14:23
ვრცლად
მურთაზ ზოდელავა სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილეს და იუსტიციის სახლის მაღალჩინოსნებს წინასაარჩევნო მაქინაციებში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილეს და იუსტიციის სახლის მაღალჩინოსნებს წინასაარჩევნო მაქინაციებში ადანაშაულებს.

ზოდელავას განცხადებით, გახარიას მოადგილე ლევან კანკავა სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილეს მალხაზ თორიას ადგილობრივ არჩევნებამდე სხვადასხვა დავალებებს აძლევს და  საგანგებო თათბირებს ატარებინებს.  ზოდელავას ინფორმაციით, თათბირებზე თორია ადგილობრივ მაღალჩინოსნებს ავალებს, რომ მათ საკუთარი ნათესავები ზუგდიდში დაარეგისტრირონ და ხმა უმრავლესობის სასარგებლოდ მისცენ.

ზოდელავა აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს მტკიცებულება, როგორ მიმდინარეობს თათბირებზე ადგილობრივ ჩინოვნიკების დაშინება. ოპოზიციამ მათ ხელთ არსებული ვიდეომასალა გაასაჯაროვა.

„მალხაზ თორიასთან, რომელიც არის გუბერნატორის მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის უახლოესი მეგობარი გახარიას პირველი მოადგილის  კანკავასი, რომელსაც ფაქტიურად ჩაბარდა ახლა საჯარო მოხელეების ტოტალური კონტროლი სამეგრელოში, ზუგდიდში, რათა არჩევნების პროცესში ეს ადამიანები მაქსიმალურად ამუშაონ ამ მიმართულებით საარჩევნო შედეგებზე. მალხაზ თორიამ ჩაატარა თათბირი, სადაც ყველა საჯარო მოხელეს პირდაპირ და ღიად უთხრა, რომ ისინი კონტროლდებიან, რომ ისინი კონტროლდებიან მათ შორის უშიშროების მიერ, რომ მათი ყველა ნაბიჯი „ოცნებისადმი“ ლოიალურობის მიმართულებით კონტროლდება. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი, მოგაწვდით ვიდეომასალას, სადაც ჩანს ქალბატონი ელისო ჩემია და მისი ერთ-ერთი ხელქვეითი ქალბატონი ლელა ბექაური. ეს ორი ადამიანი უშუალოდ კოორდინირებს ამ პროცესებს იუსტიციის სახლში.  მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები იმასთან დაკავშირებით, რომ გაკონტროლდეს ზუგდიდის იუსტიციის სახლში დაწყებული ეს რაღაცა ვაკჰანალია,“-განაცხადა ზოდელავამ.

დღის ამბები