17 ივნისი 2019,   03:50
ვრცლად
ძალადობა, მოსყიდვა, კრიმინალები საარჩევნო უბნებთან, ამომრჩევლის ნების კონტროლი - ოპოზიციამ ახალი პოლიტიკური ბრძოლა დააანონსა

ახალი პოლიტიკური ბრძოლის დაწყება, სანდრა რულვოსმა ზუგდიდიდან დააანონსა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ კარდაკარ, ყველა სოფელს შემოივლის და ხალხს რეჟიმის შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნებს. 

ოპოზიციის ახალი მიზანია ბიძინა ივანიშვილს მომავალი არჩვენების ჩატარების უფლება არ მისცენ, რადგან ეს არჩევნები მაინც გაყალბდება.

იქნება თუ არა ამ გეგმის გარეშემო გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანი - გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ მხოლოდ დაანონსება საკმარისი არ არის და განცხადებები პარტიამ შედეგზე გათვლილი პოლიტიკური გეგმის გარეშე არ უნდა აკეთოს. მელიას ამ განცხადებას მისივე თანაგუნდელების კრიტიკა მოჰყვა. 

მელიას განცხადებამ გააჩინა განცდა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში განხეთქილებაა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იშლება და ეს გარდაუვალი პროცესია. ივანიშვილის პარტიას, დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ უპასუხა. მათ არ უარყვეს, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა თქვეს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია. ახალი საპროტესტო ტალღის დაწყებას ყველა ეთანხმება, პროტესტის ფორმაზე კი შეთანხმება პოლიტსაბჭოს ფორმატში მოხდება.

სანდრა რულოვსის ინიციატივას იზიარებენ, გაერთიანებულ ოპოზიცაში შემავალი პარტიებიც. "ეროვნულ დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" ამბობენ, რომ იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის მომხრეების რაოდენობა იზრდება, პოლიტიკური ძალები ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე უნდა შეთანხმდნენ და უფრო ხისტ ტაქტიკაზე გადავიდნენ.

პოლიტიკურ კონსულტაციებს, გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში გააგრძელებს, ლიდერები ზუგდიდიდან დედაქალაქში ბრუნდებიან. როდის და სად აიღებს სტარტს ახალი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ივანიშვილის სასახლესთან უნდა დასრულდეს ჯერ უცნობია.

დღის ამბები