17 ივნისი 2019,   03:45
ვრცლად
ნაღმი, რომელიც 2020 წელს აფეთქდება - არასამთავრობო ორგანიზაციები რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მეთოდებს აფასებენ 

ნაღმი, რომელიც 2020 წელს აფეთქდება - ასე შეფასდა მეთოდი, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" რიგგარეშე არჩევნები ჩაატარა.

სამოქალაქო სექტორი თანხმდება, რომ ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქურდული სამყაროს ჩართვა და სპეცრაზმის განსაკუთრებული მობილიზება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მასობრივ სამოქალაქო უკმაყოფილებასა და მღელვარებაში გადაიზრდება.

ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების, მათ ნებაზე კონტროლის ფაქტებზე სახალხო დამცველი სწრაფი გამოძიების ჩატარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.

19 მაისის შუალედურმა არჩევნებმა სახალხო დამცველის უმწვავესი შეფასება დაიმსახურა. ნინო ლომჯარია პირდაპირ ამბობს, რომ წლებია არაფერი იცვლება და უმძიმეს დარღვევებზე საზოგადოებას სრულყოფილად ჩატარებული გამოძიება არ უნახავს.​

არჩევნებზე ხელისუფლების ბრძოლის ამ მეთოდებს გუშინ ჟურნალისტების დაკავებაც დაემატა. პოლიციამ Presa.ge-ს დამფუძნებელი მაშინ დააპატიმრა, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

შსს მინისტრი დაკავებით დაემუქრა, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსაც, რომელმაც კაპანაძის მსგავსად, ზუგდიდში, პოლიციის მანქანებში განთავსებულ სპეცეკიპირება გადაიღო.

არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყანაში მდგომარეობა უფრო მძიმე ხდება და საშიშ ფორმებს იძენს. 2019 წლის არჩევნები მათთვის მედიაზე ზეწოლით და ჟურნალისტების დაკავებით იყო გამორჩეული.

ზუგდიდში მომხდარს გაყიდული არჩევნების შეფასებას აძლევს გია ხუხაშვილი. ამიტომაც მისი თქმით, ხელისუფლებამ დასკვნა მხოლოდ მთაწმინდის ოლქის შედეგებიდან უნდა გამოიტანოს. აქ ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა, მისულების უმრავლესობამ კი მხარი ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირა.

საზოგადოება ფიქრობს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ხელისუფლება ქვეყანაში დემოკრატიას კლავს.
პროპორციული არჩევნები, კანონდარღვევებზე სწრაფი გამოძიება, თავისუფალი საარჩევნო გარემო - სამოქალაქო სექტორიც და სახალხო დამცველიც ხელისუფლებისგან დღეს ამას ითხოვდა.

დღის ამბები