15 დეკემბერი 2019,   19:57
ვრცლად
მასშტაბური წვრთნები და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება - თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ტრანსფორმაციის სარდლობასთან 

ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობასთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრაზე, რომელიც ვირჯინიის ქალაქ ნორფოლკში გაიმართა, ალიანსთან ერთობლივი სწავლების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

წვრთნები 2022 წლისთვის დაიგეგმა და როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, თავისი მასშტაბით გამორჩეული იქნება.

ეს სწავლება იმ პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ალიანსმა ვაშინგტონის მინისტერიალზე დაამტკიცა და შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს შეხვედრები დღეს დილიდან პენტაგონშიც ჰქონდა, სადაც საუბარი შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობაზე მიმდინარეობდა.

მინისტრმა თქვა, რომ ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება იყო, რაც ასევე ქვეყნის შეიარაღების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას გულისხმობს. ლევან იზორიას არ დაუკონკრეტებია, რა სახის შეიარაღებაზეა საუბარი, თუმცა თქვა, რომ ერთ-ერთი საჰაერო თავდაცვის მიმართულებაა.

„წელს შემოდგომაზე უნდა გაფორმდეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ჩარჩო შეთანხმება,რომელიც მოიცავს თანამშრომლობის ყველა იმ ასპექტს,რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებას, ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას,“-განაცხადა ლევან იზორიამ

თავდაცვის სამინსიტროს დელეგაციის შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს საქართველოს საელჩომ თავდაცვის ძალების 28 წლის აღსანიშნავად მიღება გამართა, რომელსაც პენტაგონის მაღალჩინოსნები და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები ესწრებოდნენ.

„თქვენი და ჩვენი ჯარისკაცები, ამ ოთახში მყოფი ადამიანები მშვიდობასა და სტაბილურობას ტოტალური ქაოსისგან იცავენ. უსაზღვროდ მადლობლები ვართ თქვენი წვლილისთვის არა მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში, არამედ იმ მაგალითისთვისაც, რომელსაც დანარჩენ მსოფლიოს აძლევთ,“-განაცხადა აშშ-ს შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალმა თომას კარდენიმ.

მიღებაზე იმყოფებოდა ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ივერი ბუაძე, რომელიც რეაბილიტაციის კურსს ვაშინგტონში გადის.

ვაშინგტონში ყოფნის დროს თავდაცვის მინისტრი ხვდება ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსებს, რომლებიც ევრაზიის რეგიონზე მუშაობენ. ამ შეხვედრაზე დისკუსიის თემა რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაა.

დღის ამბები