16 დეკემბერი 2019,   14:45
ვრცლად
სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ბიუჯეტი - ოპოზიცია ლარის კურსის გაუფასურებას ეხმაურება

სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ქვეყნის ბიუჯეტი - ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ქვეყნის ბიუჯეტი არარაციონალურად იხარჯება.

ოპოზიცის თქმით, წინასაარჩევნოდ მთავრობა და ეროვნული ბანკი ყველა მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ ლარის კურსი ხელოვნურად შენარჩუნდეს, არჩევნების შემდეგ კი ეროვნული ვალუტა მკვეთრად ეცემა.

დაკავშირებული სურათი

„უკვე მერამდენეჯერ მეორდება ერთი და იგივე სურათი. არჩევნების დამთავრებისთანავე ლარის კურსი მკვეთრად ეცემა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება, მთავრობა და ეროვნული ბანკი წინასწარ, წინასაარჩევნოდ ყველა მეთოდით ცდილობენ, მათ შორის ბანკებზე ზემოქმედების გზით, ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერას. სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც იხარჯება არარაციონალურად, იფლანგება და იპარავენ უამრავ ფულს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ არასაკმარის ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ. მათი თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების იმედი არ უნდა გვქონდეს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი-ის სურათის შედეგი

„ქვეყანაში გვაქვს არასაკმარისი ეკონომიკური ზრდა. არ იქმნება სამუშაო ადგილები. ადამიანები ღარიბდებიან და ლარი, როგორც ამ ყველაფრის ბარომეტრი, ასახავს ამ მდგომარეობას. სამწუხარო ის არის, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა მართავს ამ ქვეყანას, რაიმე სასიკეთოს იმედი არც უნდა გვქონდეს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ერთი ამერიკული დოლარი სავალუტო ჯიხურებში დღეს უკვე 2.78 ლარი ღირს, მაშინ როდესაც დოლარის ღირებულება გუშინ, 2.75 ლარი იყო. გაცილებით მაღალია კურსი კერძო ბანკებში. აქ 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.80 ლარს აღწევს.

დღის ამბები