20 სექტემბერი 2019,   02:23
ვრცლად
„გაირკვევა სიმართლე ძალიან მალე" - ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული ფეხბურთელების ნაწილმა საპყრობილე დატოვა

„გაირკვევა სიმართლე ძალიან მალე რა და ვნახოთ რა მოხდება მერე. ყველაფერზე კომენტარს მერე გავაკეთებ“- ამის შესახებ განცხადება, ჩაწყობილი თამაშების საქმეში ბრალდებულმა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ნიკა მაისურაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ გააკეთა. სპორტსმენმა დღეს კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ დეტალებზე იურისტთან გასაუბრების შემდეგ ისაუბრებს.

მას და კიდევ 6 ბრალდებულს, საქალაქო სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ოთხი კი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოს მიერ გირაოს სახით განსაზღვრული თანხა ნიკა მაისურაძის გარდა, კიდევ ერთმა ბრალდებულმა გიორგი გეთიაშვილმაც გადაიხადა თუმცა მას ჯერჯერობით საპყრობილე არ დაუტოვებია. დანარჩენი 5 ბრალდებულის ბედი კი ჯერ გაურკვეველია.

ჩაწყობილი თამაშების საქმეში სულ 11 სპორტსმენი ფიგურირებს. ბრალს მხოლოდ ერთი დაკავებული, ვახტანგ ჯაყელი აღიარებს, დანარჩენები კი დუმილის უფლებას იყენებენ. საქმეში ფიგურირებს ასევე, დავით დევდარიანი, რომელიც პროკურატურის განცხადებით, ანტიკორუფციული სამსახურის აგენტია და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა, რადგან მასშტაბური ოპერაციის სქემა სწორედ მისი დაგეგმილი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები