20 სექტემბერი 2019,   02:28
ვრცლად
ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ ჭიათურაში ურთულესი მდგომარეობაა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყოველი პარალიზებული დღე ქართულ ეკონომიკას აზარალებს. მთავრობის მეთაურმა შექმნილი კრიზისი აღიარა. 

„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება და სხვა საკითხები. მე ვიცი, რომ ამავე დროს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა, ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაფიცული მაღაროელები კი უკან არ იხევენ. ჭიათურ-მანგანუმის მთავარი საწარმოს გარდა, პარალიზებულია 18-ვე ის მცირე საწარმო, სადაც ნედლეულს მოიპოვებენ.

მუშების მობილური ჯგუფები ამ წუთებშიც საწარმოებთან პატრულირებენ და სატვირთო მანქანებსაც არ უშვებენ. გაფიცულებმა ყველა ის წერტილი გადაკეტეს, საიდანაც მადანის გატანა ხდება.

თუ დღის ბოლომდე მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მუშები ისევ პირის ამოკერვას აანონსებენ.

დღის ამბები