23 ივლისი 2019,   01:54
ვრცლად
მუსლიმთა საჩივარი სტრასბურგში - რელიგიური უმცირესობა ქობულეთში პანსიონის ფუნქციონირების აღდგენას ითხოვს

ქობულეთში მდებარე მუსლიმთა პანსიონს ისევ ბოქლომი ადევს. ადგილობრივების მწვავე პროტესტის შემდეგ სასწავლებელი, უკვე თვეებია დახურულია.

მუსლიმთა პანსიონის მუშაობაში ადგილობრივები საფრთხეებს ხედავენ. ქობულეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასწავლებლის გახსნით მუსლიმთა რაოდენობაც მოიმატებს. ამის გამო კი სასულიერო პანსიონატის ამუშავებას წინააღმდეგობას ბოლომდე გაუწევენ.

უფლებების უხეში დარღვევა და სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობა - ასეთია თავად მუსლიმების შეფასება ქობულეთში ადგილობრივების ქმედებებზე. მუსლიმი თეოლოგი თემურ გორგაძე აცხადებს, რომ ახლა რელიგიური უმცირესობის ბედი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მისი შეფასებით, მუსლიმთა უფლებები სისტემურად ირღვევა.

მუსლიმთა უფლებების თემაზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უნდა იმსჯელოს. სტრასბურგში სარჩელი უკვე გაგზავნილია. 

ქობულეთში მუსლიმთა პანსიონში ხმაურიანი ინციდენტი 2014 წელს მოხდა. მაშინ ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად პანსიონის გადაწვა სცადეს და სასწავლებლის შესასვლელთან ღორის თავი ჩამოკიდეს. რელიგიური შეურაცხყოფის მიუხედავად, 5 წლის შემდეგ მუსლიმ თემს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს. 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

  

დღის ამბები