20 სექტემბერი 2019,   02:23
ვრცლად
იმპორტის გადასახადის ვადა მცირდება - ბიზნესმენები გარდაუვალ კრიზისზე საუბრობენ და პრემიერს მიმართავენ 

ბიზნესისთვის კრიზისი გარდაუვალია - სახელმწიფოსა და მათ შორის  შეთანხმება ვერ შედგა, რაც იმას ნიშნავს რომ ე.წ. ოქროს სიის მონაწილე კომპანიებს იმპორტის გადასახადების გადახდის ვადა 30 დღიდან 5 დღემდე შეუმცირდებათ.

ბიზნესმენებს, რომლებიც ამ რეგულაციების გადავადებას ითხოვენ, ფინანსთა მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი შეხვდნენ. მთავრობა უკან დახევას არ აპირებს, ბიზნესმენები კი ამ ფონზე ხარჯებისა და თანამშრომლების შემცირებას, ასევე პროდუქციის მცირე რაოდენობით გაყიდვას აანონსებენ.

„შედეგი არის ის, რომ ჩვენ მეტი ფინანსური სახსრის მოზიდვა მოგვიწევს, რაც გულისხმობს იმას, რომ სესხი უნდა ავიღოთ და შესაბამისად სესხის აღების შემთხვევაში ის ხარჯები, რომელიც გვექნება უნდა შევამციროთ.  ანუ ეს იქნება თანამშრომელთა შემცირებით თუ პროდუქციის ნაკლები რაოდენობით შემოტანის სახით,“-აცხადებს "ბრითიშ ამერიქან თობაქოს” კორპორატიული დირექტორი ზვიად ცხვიტარიძე.

რეგულაციების გადავადების მიზნით პრემიერს მიმართავს ბიზნესომბუდსმენი.

„ჩვენ გვაქვს მომართვა დაახლოებით 6 ბიზნეს ასოციაციის, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად დაფიქსირებულია შემდეგი, რაც გულისხმობს კომუნიკაციის გარეშე ცვლილების მიღებას, რაც გარკვეული კატეგორიის კომპანიებს უქმნის პრობლემას ფინანსურ მოდელში, ამიტომ ჩვენ მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, რომ ბიზნესის ეს მოთხოვნა იქნას გათვალისწინებული, რომ გარკვეული გონივრული ვადა არსებობდეს იმისთვის, რომ კომპანიებმა შეძლონ გადაწყობა და ადაპტირება ცვლილებებისთვის,“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები