20 ივნისი 2019,   14:19
ვრცლად
„ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან" - მამუკა ბახტაძე

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თხოვნა, ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება.

ამჟამად არსებული ვითარებით, ფინანსური დახურვისთვის ვადა 15 ივნისს იწურება. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული 4 საერთაშორისო ბანკის მიერ 400 მილიონ დოლარიანი დაფინანსების გამოყოფა.

ხელისუფლების მხრიდან, ანაკლიის პროექტის სრული მხარდაჭერის შესახებ განცხადება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ვაშინგტონში გააკეთა.

„ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და უფრო მეტიც, ჩვენ ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, რომ მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულები, რომ როგორც შედეგი, საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი და მიიღოს საშუალება, რომ შევძლოთ ჩვენ, სრულფასოვნად ავითვისოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალაკალიანი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა. 

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს მთავრობა ჩართულია ამ პროცესებში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს კონსორციუმს ამ პროექტის განვითარებაში. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და განხორციელდება კიდეც,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

  

დღის ამბები