21 სექტემბერი 2019,   12:00
ვრცლად
რუსეთი ამერიკულ კინოკომპანიას ჩერნობილის ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებს - "ქართველი ჩერნობილელები" კი მომხდარს "კურიერთან" იხსენებენ 

სკანდალური მინი სერიალი "ჩერნობილი", რუსული არხების კრიტიკის ობიექტი გახდა. ბოლო რამდენიმე კვირაა, კრემლის თავდასხმის მთავარი სამიზნე, დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით, კომპანია HBO-ს მიერ გადაღებული ფილმია, რომელიც ჩერნობილის აფეთქებას ეხება.

რუსული მედია და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად ამბობენ, რომ ამერიკულმა კომპანიამ ისტორია გააყალბა. მათი მტკიცებით, სერიალში ასახული ფაქტები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ხალხს მომხდარი ტრაგედიის მასშტაბების შესახებ ინფორმაციას უმალავდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

რუსული პროპაგანდის მსხვერპლი, 33 წლის წინ ათასობით ადამიანი გახდა. მათ არც კი იცოდნენ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ იმ დროს, როცა ჩერნობილში სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად აგზავნიდნენ.

მე-20 საუკუნის ტრაგედიას ქართველი თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებიც მასშტაბური აფეთქების შემდეგ ტრაგედიის ეპიცენტრში გაუშვეს. "ქართველი ჩერნობილელები" ამბობენ, რომ მათ არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ და რა უნდა ეკეთებინათ. ადგილზე ჩასულებს დახვდათ დახურული ქალაქი და რადიაცია, რომლის ფონზეც  სალიკვიდაციო სამუშაოებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

„1619 ადამიანი იყო საქართველოდან, ჩვენ არ ვიცოდით, რა ავარია იყო. ერთ კვირაში იქ მყოფი ყველა ადამიანი რომ დაიღუპა, მერე გვითხრეს, რომ რადიაცია იყო“, - ამბობს ანდრო კაცაძე.

ჩერნობილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა თქმით, ჩერნობილიდან ყველა მძიმე დაავადებით დაბრუნდა.

„აზერბაიჯანის მხრიდან შეგვიყვანეს. ხალხმა მას შემდეგ გაიგო, სად მივდიოდით, როდესაც ადგილზე მიგვიყვანეს და აღარ უნდოდათ შესვლა. სატვირთო მანქანებით შეგვიყვანეს ზონაში. მე შვილი არ მყავს. ჩემმა მეგობარმა, რომელიც 46 წლის გარდაიცვალა, გარისკა, შვილი გააჩინა და ზუსტად 2 დღე იცოცხლა ბავშვმა“, - იხსენებს ელენე კერესელიძე.

გაეროს მონაცემებით, ჩერნობილში, აფეთქების დღეს 50, ხოლო შემდგომ დასხივებით 4 ათასიდან 96 ათას ადამიანამდე დაიღუპა.

დღის ამბები