20 სექტემბერი 2019,   02:24
ვრცლად
ინვესტორებს საქართველო აღარ აინტერესებთ - ქვეყანაში დაბანდებული ფულის მოცულობა კლებულობს

უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველო საინტერესო აღარ არის - უკვე რიცხვებით დასტურდება, რომ ქვეყანაში დაბანდებული ფულის მოცულობა კლებულობს. 2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა და 281 მილიონი შეადგინა, თუმცა ეს თანხაც ბევრად ნაკლები იქნებოდა, ირლანდიურ კომპანიას „აჭარა ბეთის“ სათამაშო ბიზნესი რომ არ ეყიდა.

მონაცემების დამუშავების დროს უცხოელ ინვესტორთა შორის მოხვდა ბიძინა ივანიშვილი. იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის პანამურ ოფშორში დარეგისტრირებულმა კომპანიამ საქართველოში 16 მილიონი ჩადო, ესეც უცხოურ ინვესტიციად ჩაითვალა.

ექსპერტები ამბობენ, რომ არაფორმალური მმართველის მიერ ოფშორის გავლით ქვეყანაში ინვესტირებული თანხა არ ნიშნავს, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველია.

ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიის მოხვედრა ქვეყნის ინვესტორებს შორის არ უკვირს ოპოზიციას. ხელისუფლებას ოპონენტები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის სასათბურე პირობების შექმნაში ადანაშაულებენ.

ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირების მიზეზებს ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტულ ახსნას უძებნიან. „ქართული ოცნება“ მონაცემების გაუარესებას "ბრითიშ პეტროლიუმის" მასშტაბური პროექტის დასრულებას უკავშირებს, რის გამოც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი წელს აღარ შემოსულა.

საქსტატის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში უცხოურ ინვესტიციებთან ერთად შემცირებულია რეინვესტირებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში თანხის დაბანდებისგან თავს ადგილობრივი ბიზნესმენებიც იკავებენ.

დღის ამბები