14 ნოემბერი 2019,   20:23
ვრცლად
არჩევნები, კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემა - ამერიკელი დიპლომატების გზავნებილები საქართველოს მთავრობას

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მკაცრი გზავნილების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას, 2020 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას ამერიკელი დიპლომატები და სენატორებიც ახსენებენ.

განცხადებები, ვაშინგტონის მშვიდობის ინსტიტუტში გაკეთდა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

მიღებას ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და დიპლომატები ესწრებოდნენ. „კურიერთან“ ინტერვიუში მათ საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს, ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, მათ შორის დემოკრატიის კუთხით, რომელიც საქართველოს აქვს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, 2020 წლის არჩევნები დასავლური სტანდარტებით ჩატარდეს.

„გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა გამოაქვეყნა რეკომენდაციები საქართველოს ყველა მეგობარი ეუთოს წევრი ქვეყნის სახელით. საქართველოში 2020 წელსაც არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის იმის საჩვენებლად, რომ ის მოქმედებს იმ ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, რომლისკენაც ისწრაფვის. ესენია ევროკავშირი და ნატო,“-აცხადებს ჯორჯ კენტი.

დიპლომატი ბილ კორტნი, რომელიც ამერიკის ელჩი იყო საქართველოში, უმთავრეს გამოწვევებად კანონის უზენაესობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას ასახელებს.

„კანონის უზენაესობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის ინტეგრირებისთვის, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად. საქართველომ ბევრად ნაკლები ინვესტიცია მიიზიდა, რადგან კანონის უზენაესობა ძლიერი არ არის და სასამართლოს სისტემას არ აქვს საჭირო ინტეგრირებულობა. ალბათ, ეს საკითხები ნომერ პირველია,”-განაცხადა იულიამ კორტნიმ.

საქართველოს სახელით გამართულ მიღებაზე, რომელიც ვაშინგტონში, დღეს საღამოს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩატარდა, პრემიერმა ბახტაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს, ტერიტორიების ოკუპაციით აქვს.

„ქართველი სამხედროები ამერიკელ სამხედროებთან ერთად იბრძოდნენ ერაყსა და ავღანეთში. მოხარული ვარ, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა აღიარა ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა. გასულ თვეს ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს ორპარტიული აქტი მომზადებულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად და დასჯის რუსულ ავანტიურას სანქციებით და სხვა მნიშვნელოვანი ქმედებებით. ძვირფასო მეგობრებო, მადლობა, რომ შემოგვიერთდით ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი დღის, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს საქართველო,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები