24 ივლისი 2019,   07:28
ვრცლად
ჩავარდნილი ჯანდაცვის რეფორმა და კულუარული ბრძოლები მმართველ გუნდში - რატიანი სერგეენკოს გადაყენების მიზეზებზე საუბრობს

ჩავარდნილი ჯანდაცვის რეფორმა და კულუარული ბრძოლები მმართველ გუნდში - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, სწორედ ეს ორი საკითხი გახდა ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების მიზეზი.

როგორც რატიანი აცხადებს, მმართველი გუნდი ცდილობს ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნა დავით სერგეენკოს დააბრალოს. დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, რომელიც მათ გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის გამო ეკისრებათ. 

"როგორც ჩანს ჩავარდნილი რეფორმის ფონზე სურთ სერგეენკოს შეაწმინდონ ხელები როგორც ჩანს მიდის კულუარული ბრძოლები. ფაქტია, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ჯანდაცვაში,“-აცხადებს სერგო რატიანი.

დავთ სერგეენკო ადასტურებს, რომ დღეს პრემიერი ახალ ჯანდაცვის მინისტრს წარადგენს. სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.

დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის. მას პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად დღეს წარადგენს. ტიკარაძე საჩხერის კლინიკის დირექტორია, განათლება კი დასავლეთში აქვს მიღებული და 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, თავის დროზე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგეენკოც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე იკავებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები