21 ოქტომბერი 2019,   23:02
ვრცლად
"როგორც ტაქსის მძღოლი ამბობს, საწვავი აუღია ავზით და შეუტანია" - ადგილობრივები ქუთაისში მომხდარ აფეთქებას იხსენებენ  

ქონებრივი დავა, რომელიც ქუთაისში ბინის გადაწვით და ძლიერი აფეთქებით დასრულდა - ამ წუთებში აფეთქების ადგილს ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ. ძლიერი აფეთქების ხმა ავტომშენებელთა ქუჩაზე გამთენიისას გაისმა, როდესაც რუსეთიდან დაბრუნებულ ნათესავებს 30 წლამდე მამაკაცი ბენზინით ესტუმრა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოჯახი რუსეთიდან 4 დღის წინ დაბრუნდა.   

მამაკაცი, რომლის ავტომობილითაც 30 წლამდე პირი გადაადგილდებოდა და რომელმაც სავარაუდოდ, ბინაში ხანძარი განზრახ გააჩინა, გამოკითხვაზეა გადაყვანილი. მან „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს კითხვებზე პასუხი არ გასცა.  

ადგილობრივების ინფორმაციით, ეს არის ტაქსის მძღოლი, რომლითაც 30 წლამდე მამაკაცი ბათუმიდან ქუთაისში ჩავიდა. საცხოვრებელ სახლამდე მისვლამდე კი, გზად 6 ლიტრი საწვავი იყიდა. 

მეზობლების ინფორმაციით, აფეთქებას ოჯახის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.  

„მოხდა აფეთქება, მაგრამ ამ აფეთქებას წინ უძღოდა რაღაც ხმაური, ჩოჩქოლი, შელაპარაკება. ამის შემდეგ ბავშვები გამოვიყვანეთ გარეთ და ვხედავ, დამწვარი ხალხი ბეტონზე... ამასობაში ხალხმა, ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი და სასწრაფო, სახანძრო გამოვიძახეთ. როგორც ტაქსის მძღოლი ამბობს, საწვავი აუღია ავზით და შეუტანია. კონფლიქტი იყო და ეს საწვავი ააფეთქა ალბათ. 4 ცალი 6 ლიტრიანი კალისტრი იყო. ბათუმიდან აიყვანა როგორც ტაქსი იქირავა. ეს ტაქსის მძღოლი წუთიერად ელოდებოდა, რომ ფული ჩამოეტანა და წასულიყო თავის გზაზე, ის არაფერ შუაში არ არის. ის ბიჭი ბავშვობაში იზრდებოდა აქ, მერე იყო რუსეთში წასული. მერე ისინიც წავიდნენ, დეიდა და დეიდაშვილი, მერე ჩამოვიდნენ სულ ყველა ერთად. 4 დღის ჩამოსულები არიან, მაგრამ ეს ბიჭი აქ არ მოსულა, მოვიდა და მოხდა ეს“ - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები. 

აფეთქების შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის 4-ის მდგომარეობა რთულია. დაშავებულებიდან ერთი, 10 წლის ბავშვია. ის თბილისში, დამწვრობის კლინიკაში გადმოიყვანეს.  ექიმის განცხადებით, კიდევ ერთ დაშავებულს სხეულის 75% აქვს დამწვარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები