16 დეკემბერი 2019,   05:00
ვრცლად
სტამბოლში ქართველი მოკლეს - საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ 

შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის - სტამბოლში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას მოკლულია თენგიზ ფხაკაძე. 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები მკვლელობის დეტალებს ახლა არკვევენ. მოკლულის ნათესავებს სისხლიან დაპირისპირებაზე, რასაც 56 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, მწირი ინფორმაცია აქვთ. იციან მხოლოდ ის, რომ ფხაკაძეს დაპირისპირება რუსეთის მოქალაქეებთან ჰქონდა, რის შემდეგაც მას თავში ესროლეს.

თენგიზ ფხაკაძის ოჯახმა იცის, რომ დაპირისპირებისას ის მარტო იყო. თუმცა თურქული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი სამართალდამცველები მეორე დღეა, საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ.  

სისხლიანი გარჩევა სტამბოლში ფეტიეს რაიონში გუშინ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის ოფისში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. დაპირისპირებულებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები გამოიყენეს. კადრები შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერის მიერაა გადაღებული. მასალაში ჩანს, როგორ გარბიან მამაკაცები, რამდენიმე წამში კი უკან ორი ბრუნდება. მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მათი ინფორმაციით, დაპირისპირებულებს მაყუჩიანი იარაღიც ჰქონდათ.

დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია, მათ შორის იმ კომპანიის ხელმძღვანელიც, სადაც შელაპარაკება დაიწყო. რუსეთის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია. გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საკონსულო.

 

ავტორი: ემა გოგოხია 

 

 

 

 

დღის ამბები