16 დეკემბერი 2019,   03:56
ვრცლად
ანაკლიის პროექტის შეჩერების გეგმა - TI-ის კვლევით, ფოთის პორტში ღარიბაშვილის და ფარცხალაძის ინტერესები იკვეთება 

საერთაშორისო გამჭვირვალობა აქვეყნებს კვლევას, რომელშიც ნაჩვენებია ვინ ცდილობს ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას და ღრმაწყლოვანი პორტის ფოთში აშენებას.

კვლევით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, კარგად ჩანს, რომ ფოთის პორტის მფლობელებს მჭიდრო კავშირი აქვთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. ამის რამდენიმე მტკიცებულება არსებობს. პორტის, მმართველი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, ოთარ ფარცხალაძის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი კერვალიშვილია. ასევე, ფოთის პორტის მფლობელებს და მენეჯმენტს, ჯამში „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქრად 2017-2018 წლებში 620 ათასზე მეტი ლარი აქვს გადარიცხული და, ირაკლი ღარიბაშვილის მჭიდრო კავშირები პორტის მფლობელთან.

TI  წერს, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2017 წელს საეჭვო რეპუტაციის მქონე ჩინურმა კომპანიამ ჩაიგდო. CEFC China Energy-ის იარაღით ვაჭრობასა და აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოს მთავრობების მოსყიდვაში ადანაშაულებენ. ამის გამო, კომპანიის მფლობელი ნიუ-იორკში დააპატიმრეს. 

არის კიდევ ერთი საეჭვო გარემოება, რომელიც TI -ის დასკვნაში მოხვდა. ფოთის პორტის მფლობელები 2017 წელს ამბობდნენ, რომ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საჭირო არ იყო. ამის სურვილი მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ანაკლიის პროექტი ჩაეშვა. იყენებდა თუ არა ხელისუფლება ფოთის პორტს, ანაკლიის პროექტის ჩასაძირად, „ქართული ოცნებაში“ დღეს ეს ბრალდება უარყვეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ჩინური კომპანიის საქართველოში შემოსვლის მოლაპარაკებებში ჩართული იყო ქართველი ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილიც. 

როგორ იგეგმებოდა საქართველოში ანაკლიის პორტის ჩასაშლელად ფოთში რუსული ინტერესების ლობირება - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ეს გეგმა ამ ეტაპზე ჩავარდა, რისი მიზეზიც მაიკ პომპეოს განცხადებაც იყო.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკური გავლენებისგან დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ განცხადებიდან მეორე დღეს, ხელისუფლებამ ანაკლიის პორტს ფინანსების მოსაძიებლად კიდევ 6 თვე მისცა.

 

  

დღის ამბები