16 დეკემბერი 2019,   03:58
ვრცლად
თუკი ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას, მაშინ უნდა წავიდეს სახლში - გიორგი მშვენიერაძე

"თბილისი პრაიდის" გადაწყვეტილებას, რომ აქცია-მსვლელობა მაინც ჩატარდება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან. მესამე სექტორში ამბობენ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ თუკი სახელმწიფოს არ შეუძლია მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მაშინ ის უნდა შეიცვალოს.

„ერთ მხარეს გვყავს მშვიდობიანი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სურთ, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით ისარგებლონ და ჩაატარონ მშვიდობიანი მსვლელობა. მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფრად აგდებენ კანონს, კონსტიტუციას, დემოკრატიული საზოგადოების წესწყობილებას და ამბობენ, რომ ჩვენ ვიძალადებთ ადამიანებზე თუკი ისინი საკუთარი უფლებით ისარგებლებენ და ამ დროს გვესმის პოზიცია სახელმწიფოსგან, რომ ისინი ვერ დაიცავენ მშვიდობიან ადამიანებს. თუკი ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას და კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას, მაშინ უნდა წავიდეს სახლში. თუკი აპირებს და ახერხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას, მაშინ უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულება,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა აქციის მონაწილეების რაოდენობას, შსს-მ უნდა დაიცვას თითოეული მოქალაქის გამოხატვის უფლება.

„არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინ მართავს, სად მართავს, აქ მთავარი და ამოსავალია, რომ ამ უფლების რეალიზება შეუძლია აბსოლუტურად ყველას საქართველოში და კანონი არ მიჯნავს ადამიანებს ერთმანეთისგან სქესის, გენდერის, რელიგიური, ეთნიკური ან პოლიტიკური ნიშნით. შსს-ის ვალდებულება სწორედ ამ პროცესში არის, რომ არ მოხდეს იმ ფორმით მოვლენების განვითარება, რომელიც ხელს შეუშლის შეკრების, მანიფესტაციის უფლების რეალიზებას. დანარჩენი სად ჩატარდება, რამდენი ადამიანი ჩაატარებს ამას, უშუალოდ რამდენი ადამიანით იქნება წარმოდგენილი, შსს წინასწარ რა ტიპის სამუშაოებს გასცემს იმისთვის, რომ არ მოხდეს ხელის შეშლა შეკრების, მანიფესტაციის უფლებით სარგებლობაში, ეს არის სამინისტროს და თავად იმ ჯგუფის საქმე, ვინც ამ ღონისძიებას მართავს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები