10 დეკემბერი 2019,   03:58
ვრცლად
"უსიამოვნებების ინიციატორები დღეს საქართველოში არ იმყოფებიან" - გავრილოვის აზრით, რუსეთთან საქართველოს დიალოგს აღარაფერი აფერხებს

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში პარლამენტის მოწვევით იმყოფება. ის აფხაზეთის ომში მონაწილეობას უარყოფს. აცხადებს, რომ დროა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. სერგეი გავრილოვთან ინტერვიუ  "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა.

ინტერვიუში გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლის მიზანზე საუბრობს. ამბობს, რომ რუსული მხარე შეეცდება იპოვოს დიალოგის შესაძლებლობა. მისივე განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც თანამშრომლობას საჭიროებს. გავრილოვი ამბობს, რომ მთავარი სარწმუნოებაა, რომელიც ქართველი და რუსი ერისთვის მთავარი ფასეულობაა. რუსი დეპუტატი ფიქრობს, რომ დიალოგის აღარაფერი აფერხებს, ის ხელისუფლება, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის უსიამოვნების "ინიციატორია" საქართველოში აღარ იმყოფება. 

რუსი დეპუტატის განცხადებით, ის ტერიტორიულ საკითხებზე ვერ ისაუბრებს, მისი თქმით, იყო გარკვეული უთანხმოება, მაგრამ პრობლემის გადალახვა შესაძლებელია.

„საქართველოს პარლამენტმა მომიწვია, ორი წლის განმავლობაში წყდებოდა ამ ასამბლეის თბილისში ჩატარების საკითხი. მიგვაჩნია, რომ საქართველო კარგად მოემზადა, ჩვენი მიზანია შევეცადოთ ვიპოვოთ შესაძლებლობები დიალოგისთვის. მთავარი საკითხები უკავშირდება ჰუმანიტარული, ეკონომიკურ თანამშრომლობას, კულტურასა და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ბოლო ერთ წელიწადში გაიზარდა სავაჭრო ბრუნვაც ტურისტების რიცხვიც, მაგრამ ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში ჩამოვრჩებით. ამ სახის თანამშრომლობის საფუძვლები მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლური ფასეულობებია. ეს დაგვეხმარება შევქმნათ ახალი მოდელი ჩვენს ხალხებს და პარლამენტებს შორის ურთიერთობებისთვის.

რაც შეეხება ტერიტორიების საკითხს, მე ასამბლეის პრეზიდენტი ვარ და ამ საკითხს ვერ განვიხილავ.  იყო ჩვენს ხალხებს შორის ბევრი უსიამოვნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ პრობლემების გადალახვა შესაძლებელია. ამ უსიამოვნებების ინიციატორები დღეს საქართველოში არ იმყოფებიან. უნდა ვაწარმოოთ თანაბარი დიალოგი ვეძებოთ გზები მწვავე საკითხების პოზიტიურად გადასაწყვეტად და ვფიქრობ, რომ თანაბარი დიალოგით და ნდობით შევძლებთ ჩავაცხროთ ის საკითხები, რაც წარსულში ერთმანეთისგან გვყოფდა.  სხვა გზა არ არსებობს. 2008 წლის ომი არის ისტორია, რომლიდანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. რაც შეეხება აფხაზეთის ომში ჩემს მონაწილეობას წავიკითხე ეს ინფორმაცია, მაგრამ სიცრუეა. ცხოვრებაში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. მრავალრიცხოვანი დაცვა უზრუნველყოფილია ქართული მხარის მიერ, რადგან  მე ვარ ასამბლეის პრეზიდენტი, თუ ჩამოვდივარ კერძო პირის სტატუსით დაცვით არასოდეს ვსარგებლობ,“-აცხადებს გავრილოვი.  

რუსი დეპუტატები მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში მიიღებენ მონაწილეობას. 

საქართველოს ოკუპაციის მონაწილე რუს დეპუტატებს განსაკუთრებული პატივით დახვდნენ -  "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მათ სახელმწიფო დაცვა გამოუყო. 

სერგეი გავრილოვს, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სახელმწიფო დაცვა გამოუყო და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამოყენებით, აეროპორტიდან სასტუმროში მიაცილა.

სასტუმროშიც რუსი დეპუტატის მშვიდ გადაადგილებას, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რამდენიმე წევრი უზრუნველყოფდა. ოდნავ მოგვიანებით, კრემლის ერთმორწმუნე ემისრებს მიღებაზე, რომელიც მართლმადიდებლობის სახელით იმართება, ავლაბრის ცერემონიების სასახლეში ელოდებიან.

დღის ამბები