23 ივლისი 2019,   01:57
ვრცლად
მინდა თვალებში ჩავხედო რუს დეპუტატებს და პასუხი მოვთხოვო - "ქართული ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ფორუმზე რუსების გამოსაძევებელად შედის

„მინდა თვალებში ჩავხედო მათ და ვკითხო, რა ამოძრავებთ“ – „ქართული ოცნების“ დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსულ რუს დეპუტატებთან კითხვები აქვს.

მისი თქმით, ის სწორედ იმიტომ ესწრება ფორუმს, რომ გავრილოვსა და სხვა რუს დეპუტატებს თვალებში ჩახედოს და ჰკითხოს, რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე დასასწრებად.

ცერემონიების სასახლესთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, ლურსმანაშვილს მოუწოდებდნენ არ შესულიყო და არ დასწრებოდა ოკუპანტთან ერთად ასამბლეას. თუმცა ლურსმანაშვილი ამბობდა, რომ არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომელსაც პოლიტიკოსი ემორჩილება.

„პირველი ვიყავი საქართველოში ვინც უარი განაცხადა და არ ვიმსახურე საბჭოთა ჯარებში. ეს არის ფორუმი, მონაწილეობენ სხვადასხვა პიროვნებები.

მინდა თვალებში ჩავხედო მათ და ვკითხო რა ამოძრავებთ, თუნდაც ასეთ ფორუმზე რომ ჩამობრძანდებიან. მათი პოზიცია ჩემთვისაც ისევე საინტერესოა, როგორც თქვენთვის. მინდა მოვთხოვო მათ, უკან წაიღონ იმ დროინდელი აღიარება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის,“-ამბობს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ლურსმანაშვილი.

კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ლურსმანაშვილი ამბობს, რომ „რა თქმა უნდა ოკუპანტია“. ამბობს, რომ რუს დეპუტატებთან „პასუხი მოსათხოვად“ მიდის.

ლურსმანაშვილს მოქალაქეებმა უთხრეს, რომ თუ ასეთი ანტირუსული განწყობა ჰქონდა, შესულიყო და გამოეძევებინა რუსი დეპუტატები, რაზეც „ქართული ოცნების“ წევრმა უპასუხა: „მაგისთვის მივდივარ.“

დღის ამბები