20 ივლისი 2019,   08:01
ვრცლად
გავრილოვის ვიზიტი, რომელიც კობახიძეს პოლიტიკურ კარიერად, ქვეყანას კი უმძიმეს კრიზისად დაუჯდა - სკამი თალაკვაძემ დაიკავა

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის ის სავარძელი დაიკავა, რომელიც ირაკლი კობახიძეს პოლიტიკურ კარიერად, ქვეყანას კი უმძიმეს კრიზისად დაუჯდა. საპარლამენტო უმრავლესობა ერთსულოვანი იყო. „ქართულ ოცნებაში“ არც კი გაჩენილა კითხვა, რატომ არჩილ თალაკვაძე, მაშინ, როდესაც რანგის მიხედვით, ამ პოსტზე პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უნდა წარედგინათ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ უმრავლესობამ ამჯერადაც უაპელაციოდ მიიღო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც არჩევანი, პირველ რიგში, სრული მორჩილების კრიტერიუმით გააკეთა.

არჩილ თალაკვაძე ერთი კვირის წინ "ქართული ოცნების" იმ ლიდერებს შორის იყო, რომელიც გავრილოვს იცავდა. იმ ჟურნალისტებს კი ვინც, გავრილოვის კითხვებს სვამდა აკრიტიკებდა.

გავრილოვის კრიზისის დროს არჩილ თალაკვაძე კამერების წინ არ გამოჩენილა, მას შემდეგ კი, რაც რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რასაც ოპოზიციის რადიკალური პროტესტი მოჰყვა, იქ, არსად იყო არჩილ თალაკვაძე. უმრავლესობის ლიდერის ნაცვლად, სიტუაციის განმუხტვას "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ცდილობდა.

სერგეი გავრილოვის ვიზიტი რომ მმართველი ძალის მიერ დაგეგმილი და სათანადოდ ორგანიზებული იყო ამაზე, გავრილოვის დღევანდელი ინტერვიუც მიუთითებს. რუსი დეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში და სპიკერის სავარძელში პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით აღმოჩნდა. გავრილოვის თქმით, მან ფორუმის ორგანიზატორ - "ქართული ოცნების" დეპუტატებს ღონისძიების მოკრძალებული ფორმატით ჩატარება შესთავაზა, რაზეც ორგანიზატორებისგან უარი მიიღო და ასევე მიიღო წერილობითი გარანტიები, რომ ვიზიტი უსაფრთხოების დაცვით ჩაივლიდა და დელეგატებს უმაღლესი დონის დახვედრას მოუწყობდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენილი გავრილოვი ქართულ საზოგადოებას ძვირი დაუჯდა. პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსულ აქციის მონაწილეებს გახარიას უწყების პოლიციელებმა ტყვიები სახეში დაუშინეს და თვალები დათხარეს. აქციის მონაწილეების დარბევიდან რამდენიმე საათში პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე აცხადებდა, რომ გამოყენებული ძალა პროპორციული, ქმედებები კი ლეგიტიმური იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები