15 ნოემბერი 2019,   04:35
ვრცლად
შეიძლება უკვე ეს არის ანგარიშვალდებულება რუსეთის წინაშე - ოპოზიცია ნიკა მელიას დაკავებისთვის მზადებას აფასებს

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობას მარტო მოუწევს. ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა დეპუტატები დარჩებიან სხდომათა დარბაზში, რადგან გეგმავენ უმრავლესობის იმ წევრების სახელებისა და გვარების დამახსოვრებას, ვინც მელიასთვის მანდატის მოხსნას მხარს დაუჭერენ. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელისთვის ბრალის წარდგენა ოპოზიციაში უკვე შეაფასეს, როგორც უპრეცედენტო პოლიტიკური რეპრესიების დასაწყისი ქვეყანაში. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაკავებით მთავრობა შეეცდება, გახარიას ქმედებები გადაფაროს, გაამართლოს და მას პოსტი შეუნარჩუნოს.

"მელია იქნება მე თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსის დაპატიმრება ერთ მიზანს ემსახურება, ეს არის პროვოკაცია ივანიშვილის მხრიდან, რომ ეს ზეპარტიული პროტესტი მის მიმართ და მისი უგვანო მტავრობის წინააღმდეგ მიმართული, გადააკეთოს და რაღაცნაირად წარმოაჩინოს თავის პროპაგანდისტული მედიის საშუალებებით რომ თითქოს ეს აარის დაპირისპირება მასსა და წინა ხელისუფლებას შორის. ივანიშვილის ქართული ოცნება სისხლში ბანაობს, საკუთარი მოსახლეობის სისხლში. ეხლა უნდათ რომ რაღაცნაირად გადაირჩინონ თავი,"-აცხადებს გიგი უგულავა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, კი ამბობს, რომ საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს მოქმედი პოლიტიკოსისთვის და პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის შეჩერება და მისი დაკავება. სამადაშვილი პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს.

"აქ არ არის რეალური საპარლამენტო სივრცე, სადაც უმრავლესობა იმსჯელებს მართლა მტკიცებულებებზე, რაღაც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა პოლიტიკური დაკვეთაც ექნებათ, იმას გააფორმებენ,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ნინო გოგუაძე კი ხელისუფლების ტაქტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას საკუთარი ბარბაროსული ქმედების გამართლება უნდა. გოგუაძე მომხდარზე პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს ხელისუფლებას და გახარიას გადადგომას ითხოვს.

"ვერაფრით ვერ გაამართლებს ხელისუფლება იმას, რაც აქ მოხდა, ეს არის თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობა და გახარია უნდა გადადგეს,"-აცხადებს ნინო გოგუაძე. 

გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაიაც, რომლის თქმითაც, შს მინისტრი უდანაშაულო მოსახლეობას "მონადირის ინსტინქტით დაერია." 

"ეს ხელისუფლება ვერ ერევა გახარიას, ძალიან უცნაურია რომ მელიას მიმართ საქმეს აღძრავენ, მე ვფიქრობ რომ შეიძლება უკვე ეს არის ანგარიშვალდებულება რუსეთის წინაშე. თუ იმას დავუშვებთ, რომ მელია გამოცხადდეს დამნაშავედ, ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ გახარიამ რა დააშავა. ლოგიკა არ არის ამაში, საქმე იმაშია, რომ ნიკა მელია გამოდიოდა ოკუპაციის წინააღმდეგ, გახარია კი გამოვიდა და მონადირის ინსტინქტით დაერია ადამიანებს,"-აცხადებს თამარ კორძაია. 

დღის ამბები