10 დეკემბერი 2019,   03:57
ვრცლად
მელიას დაკავებას ექნებოდა კატასტროფულად მძიმე ფასი - დავით ბაქრაძე

პროკურატურა იყო სრულიად უსუსური და მოუმზადებელი - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ნიკა მელიას სასამართლო პროცესს. მისი განცხადებით,  მოსამართლის გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ ამ საქმეს სამართლებრივი მხარე არ გააჩნია.

ბაქრაძემ ის ფაქტორები ჩამოთვალა, რამაც მისი ვარაუდით, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია. 

„ამ პროცესზე გამოჩნდა რომ საქმეს სამართლებრივი მხარე არ გააჩნია და პროკურატურა იყო სრულიად უსუსური და მოუმზადებელი. ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი რატომ უნდა მომხდარიყო ნიკა მელიას დაკავება. მეორე ფაქტორი , რა თქმა, უნდა უკავშირდება საერთაშორისო ზეწოლას, მათ შორის, შეერთებული შტატების განცხადებას და არა მხოლოდ მათ განცხადებას. მესამე ფაქტორი და მთავარი უკავშირდება საპროტესტო ფონს და განწყობას, რომელიც დღეს საზოგადოებაშია. ჩვენი  საზოგადოების საპროტესტო განწყობა იყო ის მთავარი ფაქტორი, უცხოელების პოზიციასთან და პროკურატურის სისუსტესთან ერთად რომელმაც აიძულა ხელისუფლება დაეთმო. დღეს საზოგადოების აბსოლუტური უმეტესობა მოითხოვს 20 ივნისის აქციის დაშლაში დამნაშავეების დასჯას, მოითხოვს იმ ადამიანების დასჯას, ვინც ახალგაზრდებს რეზინის ტყვიებს ესროდა, მოითხოვს შს მინისტრის  გადადგომას და ამ ფონზე როდესაც ეს არ ხდება დაიჭირო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ეს იყო პირდაპირი სილის გაწნა და გამოწვევა საზოგადოებისთვის. მე ვეთანხმები ნიკა მელიას, რომ დღეს ორივე გადაწყვეტილება, მისი დაკავებაც და გამოშვებაც იქნებოდა პოლიტიკური, ოღონდ დაკავებას ექნებოდა კატასტროფულად მძიმე ფასი,“- განაცხადა ბაქრაძემ.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ  გამოაცხადა, რომლის თანახმადაც მელიამ გირაოს სახით 20 დღის ვადაში 30 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. 

საქალაქო სასამართლოში განმარტეს, რომ ოპოზიციის წევრის მიმართ დამატებითი ვალდებულებები გამოიყენეს. მას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები