28 მაისი 2020,   01:33
ვრცლად
საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არ ფიქრობს, რომ რუსეთი ოკუპანტია - ლუქსემბურგში მყოფი რუსი დეპუტატების მთავარი გზავნილი

საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არ ფიქრობს, რომ რუსეთი ოკუპანტია - ეს იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის მთავარი გზავნილი. მათივე თქმით, ქართველების ნაწილი არ მიიჩნევს, რომ სწორედ რუსეთის მიერ არის საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული.

ლუქსემბურგში მყოფი რუსი დეპუტატები დღეს ძალიან აგრესიულები იყვნენ. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ, პეტრე ტოლსტოიმ პირდაპირ თქვა, რომ არასდროს იქნება საქართველოს შემადგენლობაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი.

ლუქსემბურგში მყოფი რუსი დეპუტატები ამბობენ, რომ პარლამენტში და შემდეგ რუსთაველზე განვითარებული მოვლენები წინასწარ იყო დაგეგმილი და მათივე შეფასებით, ეს იყო ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია. მათივე თქმით, რუსთაველზე დგანან არა პატრიოტები, არამედ ანტირუსული მოძრაობის წევრები. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები სერგეი გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით რუსი დეპუტატების გზავნილებს ემთხვევა. 

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის მიერ დაკისრებულ ემბარგოზე ისაუბრეს ასევე ლუქსემბურგში მყოფმა რუსული დელეგაციის წევრებმა.

რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილი უფროსი, გენადი ონიშჩენკო აღიარებს, რომ რუსეთის ემბარგო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრის თქმით, ქართული პროდუქციის ხარისხი სანიტარული სამსახურისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ხვალ იმსჯელებენ. უსაფრთხოების კომიტეტის დახურული სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც რეზოლუციაზე იმსჯელებენ. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი დღე კი კომიტეტების სხდომებს ეთმობა.

შეხვედრაზე გადაწყდება, როდის იქნება კენჭისყრა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე თუ უკვე ბოლო დღეს, 8 ივლისს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები