02 ივნისი 2020,   13:20
ვრცლად
მე კანონმორჩილი კაცი ვარ - რუსი პრანკერი საქართველოში იმყოფება

მე კანონმორჩილი კაცი ვარ, კანონები არ დამირღვევია და საქართველოს საწინააღმდეგო არასდროს არაფერი მითქვამს - რუსი პრანკერი ალექსეი სტოლიაროვი საქართველოში იმყოფება. საზღვარზე როგორც ტურისტი ისე შემოვიდა, თუმცა აქტიურად ესწრება რუსთაველზე მიმდინარე აქციებს და ვიდეორგოლებს ამზადებს.

რუსი პრანკერი რუსთაველზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ფონზე „რაშა თუდეის“ მაისურით გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მის ფოტოს სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული "რაშა თუდეის" მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აზიარებს. ორდღიანი ძებნის შემდეგ „კურიერმა“ ალექსეი სტოლიაროვი  აბანოთუბნის ერთ-ერთ კაფეში იპოვა. კამერის გამოჩენა მისთვის სრული მოულოდნელობა იყო, რადგან მანამდე მხოლოდ სკაიპით კავშირზე დაგვთანხმდა.

რუსეთის ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი გამოცემა "მედუზა" წერს, რომ ალექსეი სტოლიაროვი ყოველთვის კრემლის თამაშს თამაშობს, ხშირად პრანკავს იმ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომელებსაც პუტინთან ურთიერთობა ეძაბებათ და პრანკერ სტოლიაროვისთვის ყოველთვის ღიაა რუსეთის სამთავრობო მედიის კარი. პირველი, რაც სტოლიაროვს ვკითხეთ, როგორ შემოვიდა საქართველოში. ამბობს, რომ აეროპორტში ერთი წუთი არ დასჭირდა და მისთვის კითხვაც კი არ დაუსვამთ.

სტოლიაროვი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტურისტული ვიზიტით ჩამოვიდა, თუმცა თბილისის დათვალიერების ნაცვლად დგინდება, რომ ანტისაოკუპაციო აქციებს რუსთაველზე მუდმივად აკვირდება, იღებს ვიდეო კადრებს, აქციის მონაწილეებს კი ერთადერთ კითხვას უსვამს, ის ოკუპანტია თუ სტუმარი.

რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე პრანკერს, რომელიც აქციის მონაწილეების ვიდეომასალას იღებს და თბილისში უპრობლემოდ გადაადგილდება, ერთი გზავნილი აქვს, ხალხი საქართველოში არ ფიქრობს, რომ რუსეთი ოკუპანტია.

რუს პრანკერზე ბრიტანული „გარდიანი“ წერს, რომ არსებობს ეჭვი მისი, კრემლის და რუსული სპეცსამსახურების კავშირების შესახებ. თავად სტოლიაროვი ამ შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, ასევე არ სურს საუბარი რუსულ ოკუპაციაზე.

 

ავტორი: ქეთი სობონი. 

დღის ამბები