22 აგვისტო 2019,   14:28
ვრცლად
შეკვეთილში აქციის მონაწილეები ივანიშვილის ნათესავებმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა დაარბიეს - თავდასხმის ახალი დეტალები 

ბიძინა ივანიშვილის ნათესავები, ოლიგარქის ოჯახთან დაახლოებული პირები, პარკ „ციცინათელას“ დაცვის წევრები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე - აღნიშნულმა პირებმა შეკვეთილში ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები დაარბიეს.

ყაჩაღობის ბრალდებით გასამართლებული პირი ამტკიცებს, რომ მოშიმშილეები დასარბევად ნასესხები ფულით მივიდა. „კურიერის“ ინფორმაციით, ივანე თოდუა, ადიკო ივანიშვილის შვილის ზონდერ დაჯგუფების წევრია და პერიოდულად მის არაფორმალურ ბრძანებებს ასრულებს.

მოშიმშილეების დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ყოფილი პოლიციელი გოგიტა ძიძიგური იყო. ის ახლა ბიძინა ივანიშვილის გასართობი პარკის „ციცინათელას“ დაცვის სამსახურის თანამშრომელია. ძიძიგური ემზარ ივანიშვილის ცოლის ნათესავია. ძიძიგურმა „კურიერთან“ აღნიშნა, რომ დარბევის დროს კარავთან შემთხვევით მოხვდა და იქ სასეირნოდ იყო.

როგორ შლიდნენ კარვებს, არბევდნენ მოშიმშილეებს და მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ამ პროცესს მანქანიდან აკვირდებოდა ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე კოტე ესებუა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, მითითებს ზონდერ ბრიგადებს სწორედ პოლიციის მაღალჩინოსანი აძლევდა.

4 მოშიმშილის დასარბევად ივანიშვილის გარემოცვამ 50-მდე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მიიყვანა. ისინი აქციის მონაწილეებთან ივანიშვილის კომპანიის ბალანსზე არსებული ავტობუსით მიიყვანეს. ამის მტკიცებულებები „კურიერმა“ გადაიღო, დარბევის შემდეგ ავტობუსი პარკ „ციცინათელას“ ტერიტორიაზე დაბრუნდა.

ვიდეო კადრების გადაღების დროს კი „კურიერის“ ჟურნალისტი ივანიშვილის კომპანიის დაცვის თანამშრომლებმა ალყაში მოაქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „ციცინათელას“ ხელმძღვანელი იმას, რომ ავტობუსი პარკს ეკუთვნის, უარყოფს და ამბობს, რომ ავტოსადგომი საერთოა.

მოშიმშილეები კი ამბობენ, რომ დასარბევად მისულებს დანებიც ჰქონდათ. ანტისაოკუპაციო აქციის წევრები პოლიციის მოქმედებებსაც იხსენებდნენ, როდესაც სამართალდამცველები მათსა და აგრესორებს შორის ჩადგნენ და მოძალადე ჯგუფს კარვის დაჭრის საშუალება მისცეს.

მიუხედავად მომხდარისა, შეკვეთილში უკიდურესი ფორმის პროტესტი მაინც გრძელდება. აგრესორების მიერ დაშლილი კარავი კვლავ ააწყვეს და შიმშილს აგრძელებენ.

მოშიმშილეთა დარბევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მომხდარში დამნაშავე პირები უწყებას ჯერ კიდევ არ გამოუვლენია.

 

ავტორი: ემა გოგოხია, ლადო მენაბდე

დღის ამბები