16 დეკემბერი 2019,   03:57
ვრცლად
მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს, ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი, - ადა მარშანია

"მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი," - ეს განცხადება ადა მარშანიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან განმარტა, რომ ამ ფაქტზე საუბარი დღესდღეობით ქართველ საზოგადოებას არ უყვარს. 

„პრინციპში, ზოგადად, ჩვენ მივესალმებით პუტინის განცხადებას, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ძალიან მძიმედ მოისმინა და მიიღო, მიიღო რას ჰქვია, აღსაქმელად მიიღო ეს მისი ასე ვთქვათ, პასაჟი გენოციდზე, ხომ? ცხადია, ჩვენ დავაფიქსირებთ ამას და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია ჩვენ საქართველოში და იცით თქვენ, რომ მათ ასე მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს პატარა მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი. თქვენ ეს არ გაგიგონიათ არასდროს? უბრალოდ, ჩვენთან არ არის მიღებული ამაზე საუბარი. გენოციდი იყო ქართველი მოსახლეობის აფხაზეთში, მართლა ასე იყო. დედაჩემი მხარე, გუგუშვილები, სულყველა დამიხოცეს. 13 ადამიანი, სხვათა შორის, მე არასდროს არ მითქვამს ეს საჯაროდ,“- განაცხადა მარშანიამ.

დღევანდელ ბრიფინგზე "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა ისიც განაცხადეს, რომ მიემგზავრებიან მოსკოვში, რათა რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული სანქციების შეჩერებაზე მოლაპარაკებები წარმართონ. პარტიის თავმჯდომარე გიორგი ლომია დარწმუნებულია, რომ ეს საქართველოსთვის სასარგებლო ქმედება იქნება.

„პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩასულიყო მოსკოვში. ჩვენ მოსკოვში უნდა შევხვდეთ ჩვენს კოლეგებს, დეპუტატებს, რომ რამენაირად ეს ამოქმედებული სანქციები საქართველოს წინააღმდეგ შევარბილოთ და საბოლოო ჯამში საერთოდ  მოვახსნევინოთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ვიზიტი მოსკოვში სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას,“- განაცხადა გიორგი ლომიამ.

 

დღის ამბები