26 აგვისტო 2019,   12:30
ვრცლად
მთავარი 2020 წლის არჩევნების ამოცანა არის ის, რომ არ დავუშვათ ამ ქვეყანაში კონტრვარდების რევოლუცია - დავით უსუფაშვილი

„ჯერ მოვიპოვოთ ის პროპორციული არჩევნები, რომლის გამოცხადებამაც კი პოლიტიკურ კლასში უკვე სხვა თემები გააჩინა,“ - ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

დავით უსუფაშვილი 2020 წლის არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ მთავარი მიზანი ამ ეტაპზე პროპორციულ არჩევნებზე მსჯელობა უნდა იყოს.

უსუფაშვილი IRI-ის კვლევებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული მონაცემები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ გარეშე.

„ერთპარტიულ აზროვნებას უნდა დავაღწიოთ თავი, ვის ჩავიდებ როგორმე ჯიბეში, წინასწარ დავიბევებ... თუნდაც ამ ციფრებს, რომ შეხედო, არა "ნაციონალური" და არა "ოცნების" მონაწილეობით შესაძლებელია ხელისუფლება გვქონდეს ქვეყანაში. მთავარი ამოცანა 2020 წლის არჩევნების არის ის, რომ არ დავუშვათ ამ ქვეყანაში კონტრვარდების რევოლუცია,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, 2020 წლისთვის „ქართული ოცნება“ 17%-ს აიღებს, ხოლო „ენმ“-გაერთიანებულ ოპოზიციას 22% აღარ ექნება.

"არჩევანის" ეთერში კამათი დავით უსუფაშვილსა და ენმ-ის წევრს, აკაკი მინაშვილს შორის პროპორციული არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბარს მოჰყვა. უსუფაშვილის თქმით, საქართველოს მომავალს სააკაშვილის და ივანიშვილის ლიდერობის გარეშე ხედავს. 

დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მიზეზი მონახოს იმისთვის, რომ პროპორციული სახით არჩევნები არ ჩაატაროს, რის პასუხადაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ მოსახლეობა ამას არ დაუშვებს.

„მაშინ რევოლუცია მოხდება ქვეყანაში და ამაში დამნაშავე იქნება ბიძინა ივანიშვილი, თუ ეგ გააკეთა. დღევანდელ ვითარებაში, რომ ვინმემ გაბედოს და პროპორციული უკან წაიღოს, ის იქნება ამ ქვეყნის მტერი და ეს ხალხი მოექცევა, როგორც ქვეყნის მტერს, წერტილი. აქ  ორი აზრი არ არსებობს, 20 ივნისის მერე უკან დახევა, ვილაპარაკე და უი, აღარ გამოდის პროპორციული შუა გზაში, „ქართული ოცნება“ გადაყვება ამას,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

დღის ამბები