26 აგვისტო 2019,   12:29
ვრცლად
20 ივნისის სისხლიანი დარბევა - სპეცრაზმელ ლევან იმერლიშვილს პატიმრობა შეეფარდა 

სპეცრაზმელ ლევან იმერლიშვილს საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სპეცრაზმელი, ე.წ. გავრილოვის ღამეს დაკავებულ იურისტ დავით ნიორაძეზე  ფიზიკური ძალადობის ბრალდებით აიყვანეს. 

ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვა კი პოლიციელის 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დააფიქსირა, რომ ის დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ აქვთ ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს მოპოვებული ვიდეომასალა, სადაც დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გიორგი მუჯირის განცხადებით, ჩანაწერი გაკეთებულია საგამოძიებო უწყებაში, იქამდე, ვიდრე გამოიკითხებოდა ლევან იმერლიშვილი მოწმის სტატუსით. პროკურორის თქმით, ვიდეოჩანაწერი საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელმა გააკეთა, თუმცა ბრალდებული ამ ადამიანს არ იცნობს.

„საქმეში არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა, სადაც ბრალდებული თავად აღიარებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ბრალის წარდგენამდე იყო ეს. თუმცა როდესაც ის ოფიციალურად გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, მან დამალა აღნიშნული ფაქტი და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ეს გახლავთ საუბარი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთან, მისთვის უცნობი იყო ფარული გადაღების თაობაზე. წინასწარ ნაცნობობა მათ არ აკავშირებდათ, თუმცა ისეთი გარემო იყო შექმნილი, რომ მან ისაუბრა. ამ ფარულ ჩანაწერში მოტივაციაზე საუბარი ნაკლებად არის, თუმცა მან ემოციები ვერ შეიკავა და ამიტომ დაარტყა ხელი და ფიზიკურად გაუსწორდა დაკავებულ პირს,“ - განაცხადა პროკურორმა.

ლევან იმერლიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ის გაასაჩივრებს.

დღის ამბები